კანადის პრემიერ-მინისტრმა მარკ კარნიმ განაცხადა, რომ მისი ქვეყანა და ევროკავშირი პარტნიორობის კიდევ უფრო გაღრმავებაზე მუშაობენ, რომლის შედეგადაც კანადა ევროკავშირის პირველი ასოცირებული წევრი გახდება.
ამის შესახებ ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში, რომელიც 29-30 ოქტომბერს გამართული ევროკავშირისა და კანადის სამიტის შემდეგ გავრცელდა.
კარნის თქმით, ახალი პარტნიორობა კანადას, ევროკავშირსა და საერთო ღირებულებების მქონე სხვა ქვეყნებს საშუალებას მისცემს, ერთობლივი გამოწვევების დასაძლევად საკუთარი სტრატეგიული პოტენციალი ეფექტიანად გამოიყენონ.
„კანადა და ევროკავშირი ერთად ოჯახებს უფრო ფართო არჩევანსა და ნაკლებ ხარჯებს შესთავაზებენ, ბიზნესს - ახალ საექსპორტო ბაზრებს, ახალგაზრდებს კი მეტ შესაძლებლობას, იცხოვრონ, იმუშაონ და ისწავლონ იქ, სადაც სურთ - კანადაში ან ევროკავშირში“, - ნათქვამია კანადის მთავრობის განცხადებაში.
მონრეალში გამართული ორმხრივი სამიტის შემდეგ კარნიმ განაცხადა, რომ კანადის ევროკავშირში შესაძლო ასოცირებული წევრობის შესახებ მოლაპარაკებების დასრულებას მხარეები 2027 წლის ივნისამდე გეგმავენ.
„დღეს ჩვენ კანადისთვის ასოცირებული წევრობისკენ მივიწევთ და ვიწყებთ ახალ ინიციატივას - „ალიანსი მომავლისთვის“, რომელიც თანამოაზრე ქვეყნებთან ერთად ახლაც და მომავალშიც კონკრეტულ შედეგებს მოგვიტანს“, - განაცხადა კარნიმ მონრეალში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა ანტონიო კოშტამ სამიტზე განაცხადა, რომ კანადა „ყველაზე ევროპული არაევროპული ქვეყანაა“.
ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის თქმით, ასოცირებული წევრობის კონცეფცია ჯერ კიდევ აუთვისებელი სივრცეა, თუმცა მხარეებს მისი ერთობლივად ჩამოყალიბებისთვის ამბიცია, ნდობა და შემოქმედებითი მიდგომა აქვთ.