ქობულეთის მე-2 საჯარო სკოლაში მეექვსე კლასის მოსწავლეებს შორის მომხდარი ინციდენტის შედეგად ერთ-ერთი არასრულწლოვანი დაშავდა. „აჭარა თაიმსის“ ინფორმაციით, მოსწავლემ თანაკლასელს ბასრი საგნით დაზიანება მიაყენა. შემთხვევის მიზეზი ამ დროისთვის უცნობია.
მომხდარზე სკოლის ადმინისტრაციამ შესაბამის უწყებებს შეატყობინა. ადგილზე პოლიცია მივიდა, გამოიკითხნენ მასწავლებლები და მოსწავლეები.
ინციდენტს ადასტურებს ქობულეთის რესურსცენტრის ხელმძღვანელი მადონა გოგიტიძეც. მისი განცხადებით, სკოლამ შემთხვევაზე დაუყოვნებლივ მოახდინა რეაგირება, დაშავებულ მოსწავლეს კი სიცოცხლისთვის საფრთხე არ ემუქრება.
ფაქტზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო.