უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელ კიტ კელოგთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ შეხვედრა იმედს აჩენს.
„გენერალ კელოგი - შეხვედრა, რომელიც აჩენს იმედს, ჩვენ გვჭირდება ძლიერი შეთანხმებები ამერიკასთან - შეთანხმებები, რომლებიც რეალურად იმუშავებს.
მე დავავალე [შესაბამის უწყებებს] სწრაფად და ძალიან, ძალიან ფრთხილად იმუშაონ.
ეკონომიკა და უსაფრთხოება ყოველთვის ერთმანეთის გვერდით უნდა იყოს და მნიშვნელოვანია ხელშეკრულებების დეტალები: რაც უფრო კარგად ჩაიწერება დეტალები, მით უფრო დიდი იქნება შედეგი.
გენერალ კელოგთან განვიხილეთ ფრონტზე არსებული ვითარება და რუსეთის მიერ ყველა დატყვევებულის გათავისუფლების აუცილებლობა.
და ასევე უსაფრთხოების გარანტიების საიმედო და მკაფიო სისტემის საჭიროება, რათა ომი აღარ დაბრუნდეს და რუსეთმა სხვების სიცოცხლე არ გაანადგუროს. ჩვენ ყველას გვჭირდება მშვიდობა: უკრაინას, ევროპას, ამერიკას - ყველას მსოფლიოში," - განაცხადა ზელენსკიმ ვიდეომიმართვისას.
მანამდე ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურ წარმომადგენელთან კიტ კელოგთან შეხვედრას უწოდა "კარგი საუბარი", რომლის დროსაც განიხილეს ფრონტზე არსებული ვითარება, უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები და იშვიათ წიაღისეულზე შეთანხმება.