დღეს გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, რომელიც 60 დღეზე მეტია დგას რუსთაველის გამზირზე - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალი არჩევნების ჩატარებას, პოლიტპატიმრების გათავისუფლებას და მოძალადეების დასჯას, - ამის შესახებ განაცხადა „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ
„რამდენიმე წუთის წინ ძალიან მნიშვნელოვანი კენჭისყრა შედგა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში, სადაც დამარცხდა ივანიშვილის რუსული რეჟიმი და გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა, გაიმარჯვეს ადამიანებმა, ვინც 60 დღეზე მეტია დგას რუსთაველის გამზირზე, ვინც უკანონოდ ჰყავს დატყვევებული ივანიშვილს, გაიმარჯვა მზია ამაღლობელმა, რომლის სახელიც არაერთხელ გაჟღერდა ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ამ საპარლამენტო ასამბლეაში და მთავარი მოთხოვნა, რომელიც აერთიანებს ქართველ ხალხს, ჩაიდო ოფიციალურად დოკუმენტში და იმისთვის, რომ პროპაგანდამ ვერ შეძლოს რაიმე ტიპის ინტერპრეტირება, მანიპულაცია და ტყუილი, აისახა დოკუმენტში, რომ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეა ითხოვს ახალ საპარლამენტო არჩევნებს, რომელიც უნდა ჩატარდეს მომავალ რამდენიმე თვეში და მხოლოდ ამ მიზნით ფორმალურად უნარჩუნებს უფლებამოსილებას „ქართულ ოცნებას“. ახალ არჩევნებს, რომელსაც ჩაატარებს არა სანქცირებული სუსი, შსს და არსებული ცესკო, არამედ დამოუკიდებელი ინსტიტუტები. ასევე არის მოთხოვნა პოლიტპატიმრების გათავისუფლების, ისევე როგორც მოძალადეების დასჯის. ეს არის ძალიან დიდი გამარჯვება, ქართველი ხალხის გამარჯვება, რომელიც ახლა უნდა მოვიყვანოთ სისრულეში, ჩავატაროთ ახალი არჩევნების, თავისუფალი, სამართლიანი არჩევნები და ქვეყანა გამოვიყვანოთ პოლიტიკური კრიზისიდან. ეს არის საერთაშორისო აღიარება იმის, რომ პოლიტიკური კრიზისიდან გამოსვლის ერთადერთი გზა არის სწორედ ახალი, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები, ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და მოძალადეების პასუხისგებაში მიცემა.“ - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
დღეს, PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ქართული ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა მისცა 114-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო – 13.