PACE-მა საქართველოზე რეზოლუციას მხარი დაუჭირა – „ოცნების” დელეგაციას აპრილამდე შეზღუდული უფლებამოსილება ექნება. დოკუმენტის სასარგებლოდ ხმა მისცა 114-მა წევრმა, წინააღმდეგი იყო – 13.
განსაზღვრულია "ქართული ოცნების" დელეგაციის ცნობისთვის კონკრეტული დათქმები:
მომდევნო თვეებში მოხდება ახალი, რეალურად დემოკრატიული არჩევნების ორგანიზება, რომელიც ჩატარდება მკაცრი საერთაშორისო მონიტორინგის ქვეშ და სახელმწიფო ინსტიტუტებისა და საარჩევნო ადმინისტრაციის პოლიტიკური დამოუკიდებლობის პირობებით; ამასთან, 2025 წლის აპრილამდე გათავისუფლდება ყველა პოლიტპატიმარი.
აპრილში, ანუ ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მომდევნო სესიაზე, PACE გადახედავს უფლებამოსილების საკითხს და რეზოლუციაში წარდგენილი მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაძლოა, დადგეს მისი ჩამორთმევის საკითხი.
მანამდე, მონიტორინგის კომიტეტი საქართველოს დელეგაციის უჩერებს არაერთ უფლებას, მათ შორის უზღუდავს კომიტეტებში მონაწილეობას. დელეგაციის წევრებს შეუჩერდებათ:
პოლიტიკურ საკითხთა და დემოკრატიის, მონიტორინგის, ადამიანის უფლებათა და იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსამართლეების არჩევის, პროცედურული ნორმების, იმუნიტეტისა და ინსტიტუციურ საქმეთა კომიტეტებში სრულფასოვანი ან მონაცვლე წევრობის უფლება;
საარჩევნო სადამკვირვებლო კომიტეტების წევრობის უფლება; მომხსენებლად დანიშვნის უფლებას;
ასამბლეის პრეზიდენტის, კომიტეტის ან ქვეკომიტეტის თავმჯდომარის ან თავმჯდომარის მოადგილის თანამდებობაზე კანდიდატურის წარდგენის უფლება;
ევროპის საბჭოს ორგანოების მიერ ორგანიზებულ ღონისძიებებზე, შეხვედრებსა და კონფერენციებზე ასამბლეის წარმომადგენლობის ან დროებითი წარმომადგენლობის უფლება.
ასამბლეა ქართული ოცნების ხელისუფლებისგან ითხოვს:
დაუყოვნებლივ დაიწყოს ინკლუზიური პროცესი ყველა დაინტერესებული მხარისა და სოციალური სუბიექტების მონაწილეობით, მათ შორის მმართველი უმრავლესობის, ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების ჩათვლით, რათა აღმოიფხვრას ბოლო საპარლამენტო არჩევნების დროს გამოვლენილი ხარვეზები და შეიქმნას ისეთი საარჩევნო გარემო, რომელიც ხელს შეუწყობს რეალურად დემოკრატიული ახალი არჩევნების გამოცხადებას უახლოეს თვეებში;
გადადგას დაუყოვნებლივი და ეფექტური ნაბიჯები, რათა საქართველომ შეძლო განაახლოს ევროპული ინტეგრაციის პროცესი ხალხის ევროპული მისწრაფებების შესაბამისად და მნიშვნელოვნად დააჩქაროს საჭირო რეფორმები;
დაუყოვნებლივ დაასრულოს პოლიციის სისასტიკე და ადამიანის უფლებების დარღვევა, ეფექტურად გამოიძიოს ეს პრაქტიკა და შეწყვიტოს სასამართლო პროცესების ბოროტად გამოყენება, როგორც მომიტინგეების, ჟურნალისტებისა და სამოქალაქო ლიდერების შეჩერების ან შურისძიების საშუალება და ასევე, სრულად სცეს პატივი გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებას.