აშშ-ში, ლუიზიანის შტატის ქალაქ ახალ ორლეანში გუშინ განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 15-მდე გაიზარდა.
თავდაპირველი ცნობით, თავდასხმას 10 ადამიანი ემსხვერპლა.
ახალი წლის ღამეს, მამაკაცი, რომელიც მანქანას მართავდა, განზრახ შევარდა ხალხში, რომელიც თავმოყრილი იყო ბურბონის ქუჩაზე.
ახალი ორლეანის პოლიციის უფროსის განცხადებით, თავდამსხმელი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ადამიანის მსხვერპლი გამოეწვია.
როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ავტომანქანა მაღალი სიჩქარით შევარდა ბურბონის ქუჩაზე შეკრებილ ხალხში და შემდეგ სროლა დაიწყო მანქანიდან. პოლიციამ საპასუხო ცეცხლი გახსნა, რის შედეგადაც თავდამსხმელი დაიღუპა.
დამნაშავე მართავდა თეთრი ფერის „ფორდის“ პიკაპს.
თავდამსხმელი იყო 42 წლის აშშ-ის არმიის ვეტერანი ტეხასიდან შამსუდდინ ჯაბარი.
აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო თავდასხმას ტერორისტულ აქტად აფასებს. თავდასხმამდე ცოტა ხნით ადრე, ჯაბარმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ამბობს, რომ იგი „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ არის შთაგონებული.
შემთხვევის ადგილზე აღმოჩენილია რამდენიმე იარაღი და ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა.