აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირება არის იმ ადამიანების დამსახურება, რომლებიც ერთი თვეა ქუჩაში დაუღალავად დგანან და იბრძვიან ქვეყნის თავისუფლებისათვის, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამგანაცხადა.
მისი თქმით, აშშ-მა ივანიშვილის სანქცირებით დაადასტურა, რომ ის ემსახურება რუსულ ინტერესს და საქართველოში კლავს თავისუფლებას.
“ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ აშშ-ის მიერ ივანიშვილის დასანქცირებასთან დაკავშირებით ბრიფინგი გამართა;
თინა ბოკუჩავას განცხადებით - “ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინ მიიღო უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება ივანიშვილის სანქცირების შესახებ, რაც უპირველეს ყოვლისა ქართველი ხალხის დამსახურებაა და იმ ადამიანების, რომლებიც ზუსტად ერთი თვეა დგანან რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში.
ეს ასევე არის იმ დაუღალავი და ხანგრძლივი შრომის შედეგი, რასაც პოლიტიკური პარტიები დიდი ხნის მანძილზე ვეწევით. დიდია სამოქალაქო ორგანიზაციების როლი და მადლობა მათ გაწეული შრომისთვის.
გუშინ საბოლოოდ ჩამოინგრა ივანიშვილის პროპაგანდა პრეზიდენტი ტრამპის პირობებში აშშ-თან მისი რეჟიმის ურთიერთობების აღდგენის, როდესაც სწორედ რესპუბლიკელი და დონალდ ტრამპთან დაახლოებული ამერიკელი კანონმდებლების მოწოდებების ფონზე მოხდა საბოლოოდ სანქცირების გადაწყვეტილების მიღება.
საგულისხმოა, რომ ამერიკის სახაზინო დეპარტამენტმა გამოიყენა ე.წ. OFAC-ის სანქციების მექანიზმი, საგარეო აქტივების კონტროლის ოფისი და არა გლობალური მაგნიტსკის აქტი, რაც ივანიშვილის რეჟიმის სხვა წევრების შემთხვევაში იქნა გამოყენებული. OFAC-ის ეს სანქციები (კონკრეტულად კი 14024 აღმასრულებელი ბრძანება) რუსეთის მავნე გავლენების ხელშეწყობას გულისხმობს და სახელმწიფო მდივნის ანტონი ბლინკენის განცხადებაში სწორედ ესაა ხაზგასმული, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ასანქცირებს ივანიშვილს რუსეთის სასარგებლოდ საქართველოს
დემოკრატიისა და ევროატლანტიკური მომავლის ძირის გამოთხრისთვის.
ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობამ გუშინდელი სანქციების გადაწყვეტილებით დაადასტურა, რომ ივანიშვილი ემსახურება რუსულ ინტერესებს და რუსულ სარგებელს და ისაა რუსული გავლენის აგენტი, რომელიც ძირს უთხრის საქართველოს დემოკრატიასა და ევრო-ატლანტიკურ მომავალს. სწორედ ესაა სანქციების საფუძველი, რომელიც აშშ-ს სახაზინო დეპარტამენტმა დააწესა ე.წ. OFAC-ის მექანიზმის
ანუ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის გამოყენებით.
დასანქცირდა ივანიშვილის აქტივები ამერიკაში.
მას აეკრძალა ნებისმიერი აქტივის ლეგალურად გაყიდვა, იქნება ეს უძრავი ქონება, ფასიანი ქაღალდები თუ ფერწერული ტილოები. შავ ბაზარზე მათი გაყიდვის შემთხვევაში, კი მათი ღირებულება საბაზრო ღირებულების 10%-აც კი არ შეადგენს. ანუ ივანიშვილის ქონება სანქციების შედეგად ტოტალურად გაუფასურდა.
ივანიშვილი ვერ განახორციელებს ვერც ერთ ფინანსურ ტრანზაქციას ამერიკულ დოლარში.
უნდა გვესმოდეს, რომ ნებისმიერი საერთაშორისო გადარიცხვა საქართველოდან წარმოებს ამერიკული ბანკების (ძირითადად კი სითიბანკის გავლით), რომელიც ავტომატურად დაბლოკავს ასეთ ტრანზაქციას.
OFAC-ის სანქციები მოიცავს მეორად ეფექტს ანუ იურისდიქციას, რაც გულისხმობს, რომ შესაძლოა დასანქცირდეს ნებისმიერი მესამე პირი ან ორგანიზაცია, რომელიც შევა ფინანსურ ურთიერთობაში ივანიშვილთან. თუ მაგალითად, ნებისმიერი ქართული ბანკის გამოყენებით ის გადარიცხავს ფულს, ბანკიც დგება სანქციების რისკის ქვეშ.
ეროვნული ბანკის ან ნებისმიერი კომერციული ბანკის მხრიდან სასანქციო რეჟიმის დარღვევა უდიდეს დარტყმას მიაყენებს ქართულ საბანკო სისტემას, რასაც კატასტროფული შედეგები ექნება ქვეყნის ეკონომიკისთვის.
ივანიშვილს ასევე დაებლოკა წვდომა სინგაპურს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისაღებ ასეულობით მილიონ დოლარზე.
ივანიშვილი ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მოაქცია სრულ ფინანსურ იზოლაციაში და რამდენი ქეშიც არ უნდა შემოეპარებინა ოფშორებიდან საგანგებოდ მიღებული ოფშორების კანონის შედეგად, მას უკიდურესად გაუჭირდება ამგვარი იზოლაციის პირობებში ხანგრძლივად ოპერირება.
ასევე მნიშვნელოვანია, გავაგრძელოთ მუშაობა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მისი ოჯახის წევრების დასანქცირებაზე, რომ ივანიშვილმა ვერ შეძლოს მათ გამოყენებით სანქციებისთვის თავის არიდება.
და ბოლოს, ჩვენ ასევე გავაგრძელებთ მუშაობას ივანიშვილის კრიმინალურ რეჟიმთან შეზრდილი ბიზნესის დასასანქცირებლად. ეს არის სწორედ ის მომენტი, როცა თუ პატრიოტული შეგრძნებები არა - თვით გადარჩენის ინსტინქტით მაინც ბიზნესი სრულად უნდა გაემიჯნოს სანქცირებულ პარიად ქცეულ ივანიშვილს.
მადლობა საქართველოს თითოეულ მოქალაქეს, რომელიც ზუსტად ერთი თვეა დგას რუსთაველზე და საქართველოს სხვადასხვა ქალაქებში, ეს უპირველეს ყოვლისა, თქვენი დამსახურებაა.
მადლობა ასევე სამოქალაქო სექტორს, რომელიც პოლიტიკური პარტიების პარალელურად, ასევე დაუღალავად მუშაობდა ივანიშვილის სანქცირების საკითხზე. ჩვენმა საერთო შრომამ და ძალისხმევამ შედეგი გამოიღო!” - განაცხადა თინა ბოკუჩავამ