19 წლის სანდრო ბუკია, რომელსაც ეპილეფსია აქვს და სპეცრაზმმა დააკავა, თავისუფალია, თუმცა ოჯახის თქმით, მას მრავლობითი დაზიანებები აქვს, თავის, სახისა და სხეულის არეში. ამის შესახებ ბუკიას ბიძამ „ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.
„ვიცოდი,რომ იქ იყვნენ ისინი იქ ადგილზე მუშაობდნენ, ერთი '„რედისონში'' მუშაობს, მეორე ჩაის სახლში. შესაბამისად, მიმდინარე ტერიტორიაზე ისედაც იყვნენ [...] მომწერა [დედამ], რომ სანდრო გამტაცესო.
გზიდან უკვე მე სანამ მივედი, სადაც გადაიყვანეს, ეს იყო კახეთის გზატკეცილზე არსებული პატრულის შენობიდან, გამოიყვანეს, დამხვდა უკვე გათავისუფლებული ხელწერილის საფუძველზე. თუ არ ვცდები წვრილმან ხულიგნობას ედავებოდნენ, დეტალებს არ ჩავძიებივარ. რაზეც ხელს აწერინებდნენ სანდრომ არ მოაწერა ხელი. არაფერ კავშირში არ იყო, ეკითხებოდნენ პირბადე რატომ გაქვს.
სანდრო არის ძალიან, ძალიან მძიმედ ნაცემი. მისი ფიზიკურობიდან და მდგომარეობიდან გამომდინარე ძალიან საშიში იყო, იმიტომ რომ მთლიანი სხეული აქვს დაბეჟილი'', - ამბობს სანდრო ბუკიას ბიძა.
19 წლის სანდრო ბუკიას დედა დაკავებისას სპეცრაზმს ეუბნებოდა, რომ სანდროს ეპილეფსია აქვს, თუმცა სპეცრაზმმა ქალის სიტყვები არ გაითვალისწინა.