საფრანგეთის, გერმანიისა და პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ.
ისინი გამოთქვამენ წუხილს, რომ "ქართული ოცნების" გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკების პროცესი და უარი თქვას ევროკავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, ცხადად ეწინააღმდეგება ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს.
ამასთან, მინისტრები გმობენ ძალის არაპროპორციულ გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ:
„ვწუხვართ ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ოფისებში პოლიციის ოპერაციების, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაპატიმრების შესახებ, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ვითხოვთ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, დაცული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად.
მოვუწოდებთ "ქართულ ოცნებას", განმუხტოს დაძაბულობა და გახსნას ინკლუზიური დიალოგი ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთან“, - წერია განცხადებაში.
ფოტო: დიმა ზვერევი