“ვაიმარის სამკუთხედის” (გერმანია, საფრანგეთი, პოლონეთი) წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები საქართველოს შესახებ ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და აღნიშნავენ, რომ ოცნების ანტიევროპულ გადაწყვეტილებასა და მომიტინგეების წინააღმდეგ არაპროპორციული ძალის გამოყენებას კატეგორიულად გმობენ.
ისინი ხაზს უსვამენ, რომ ოცნების მიერ განხორციელებული ქმედებები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობის წინაშე აყენებს.
„ჩვენ, "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები, სინანულს გამოვხატავთ მმართველი პარტიის "ქართული ოცნების" გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, დროებით გადადოს ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და უარი თქვას კავშირის ფინანსურ მხარდაჭერაზე 2028 წლამდე, რაც უხეშად ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციაში დაფიქსირებულ ქართველი ხალხის ევროპულ მისწრაფებებს. ხელისუფლების მიერ მიღებული ზომები საქართველოს გარე და შიდა არასტაბილურობისგან დაუცველს ტოვებს. ქართველი ხალხის დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერის მიმართ ჩვენს ერთგულებას ხაზს ვუსვამთ. ვგმობთ პოლიციის ოპერაციებს ოპოზიციური პარტიებისა და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ოფისებში, ასევე პოლიტიკური ოპოზიციის წევრების დაკავებას, რომელთა დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოწოდებით გამოვდივართ. ფუნდამენტური უფლებები, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების თავისუფლება და გამოხატვის თავისუფლება, საქართველოს კონსტიტუციისა და საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად დაცული უნდა იყოს. მოვუწოდებთ „ქართულ ოცნებას“, განმუხტოს დაძაბულობა და ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან ინკლუზიური დიალოგი გახსნას. ვიხსენებთ, რომ სწორედ „ქართული ოცნების“ მიერ 2024 წლის დასაწყისიდან განხორციელებულმა ქმედებათა კურსმა გამოიწვია ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დე ფაქტო შეჩერება და შედეგად, საქართველოსთან ჩვენი ურთიერთობების გაუარესება. აღნიშნულ საკითხს მომავალ საგარეო საქმეთა საბჭოს ყურადღების ცენტრში დავაყენებთ, რათა ევროკავშირის დონეზე შესაბამისი ზომები მივიღოთ, გარდა ამისა, ჩვენ "ქართული ოცნების" ქმედებების გავლენას ჩვენს შესაბამის ორმხრივ ურთიერთობებზეც განვიხილავთ", - აცხადებენ "ვაიმარის სამკუთხედის" ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები.