აშშ-ის პრეზიდენტის მიერ გაკეთებული განცხადება ნიშნავდა ზუსტად იმას, რაც განაცხადა და არაფერს სხვას. მან მოუწოდა საქართველოს ხელისუფლებას გამოძიების დაწყებისკენ. ჩვენ ასევე ნათლად განვაცხადეთ, რომ კონსულტაციებს გავდივართ ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირში, თუ რა სახის გამოძიება იქნება მიზანშეწონილი, – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა, მეთიუ მილერმა საქართველოს შესახებ აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის განცხადებასთან დაკავშირებით თქვა.
მილერის თქმით, საქართველოს პრეზიდენტს შეუძლია დარღვევების შესახებ ინფორმაციის მიწოდება როგორც საქართველოს ხელისუფლების, ისე სხვის მიერ ჩატარებული გამოძიებისთვის
„მე როგორც მესმის, მას აქვს ინფორმაცია დარღვევებთან დაკავშირებით. ასე რომ, იმედია, შეუძლია, მიაწოდოს ეს ინფორმაცია, რომელიც შესაბამისი იქნება ნებისმიერი გამოძიებისთვის, იქნება ეს საქართველოს ხელისუფლების მიერ ჩატარებული, თუ ვინმე სხვის მიერ“, – განაცხადა მილერმა.
ამასთან, მილერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები გადახედვის პროცესშია
„ნათლად განვაცხადეთ, რომ საქართველოს მთავრობასთან ურთიერთობები გადახედვის პროცესშია. ჩვენ უკვე შევაჩერეთ საქართველოს მთავრობისთვის 95 მილიონიანი დახმარება და სხვა დახმარება, რომელსაც ჩვენ ვუწევთ, გადახედვის პროცესშია“, – აღნიშნა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა.