კოალიცია "ძლიერი საქართველოს" ერთ-ერთი ლიდერის ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, გუშინ ევროპარლამენტში გამართული დებატებზე ევროდეპუტატების მიერ გაჯღერებული გზავნილები ცხადი და ნათელია, რომ თუ 26 ოქტომბერს "ქართული ოცნების" ხელისუფლება არ შეიცვალა, ქვეყანა ვერც ევროკავშირში გაწევრიანდება და ევროპასთან უვიზო მიმოსვლაც შეჩერდება.
„გუშინ საქართველოს თითოეულმა მოქალაქემ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანოს, ევროპარლამენტის ტრიბუნიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ქართული ოცნების“ რუსული კანონის და რუსული პოლიტიკის გამო ახლა არის გაჩერებული. ჩვენ ასევე მოვისმინეთ, რომ თუ 26 ოქტომბერს არ შეიცვლება რუსეთის მსახური ხელისუფლება, შესაძლოა, ასევე გაჩერდეს უვიზო მიმოსვლა. საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დავკარგეთ მილიონობით ევროს დახმარება „ქართული ოცნების“ რუსული პოლიტიკის გამო. ამასთან შეგუება დაუშვებელია.
საქართველოს თითოეულ მოქალაქეს სულ რაღაც 17 დღეში, 26 ოქტომბერს გენიჭებათ ძალა, რომ უთხრათ „არა“ მატყუარა, კორუმპირებულ, რუსეთის მსახურ ხელისუფლებას და უთხრათ „კი“ ევროპას, უთხრათ „კი“ საქართველოს მომავალს, უთრათ „კი“ ევროპულ უსაფრთხოებას და ევრიპულ კეთილდღეობას.
ჩვენ, 9 ნომრის ირგვლივ გაერთიანებული პოლიტიკური ძალები, საქართველოს მეოთხე პრეზიდენტი გიორგი მრაგველაშილი, „ლელო“, „ანა დოლიძე ხალხისთვის“, ალეკო ელისაშვილის „მოქალაქეები“ და „თავისუფლების მოედანი“ ვაცხადებთ სრულ მზადყოფნას, რომ ქართველი ხალხის ნებით და დავალებით 26 ოქტომბრის შემდეგ გადავდგათ ძლიერი და რეალური ნაბიჯები, იმისათვის, რომ აღვადგინოთ საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი და უსწრაფესად გავიაროთ ყველა საჭირო პროცედურა, რომ საქართველო რაც შეიძლება სწრაფად გახდეს ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრი სახელმწიფო, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.