ვენესუელაში გადატრიალების მოწყობის მცდელობის ბრალდებით ექვსი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს. იტყობინება ვენესუელის შინაგან საქმეთა სამინისტრო.
ვენესუელის ხელისუფლების მტკიცებით, ქვეყანაში სიტუაციის დესტაბილიზაციის მოწყობაში აშშ-ის მთავრობა მონაწილეობდა.
როგორც იუწყებიან, დაკავებულებს შორის არის ამერიკის შეერთებული შტატების სამი, ესპანეთის ორი და ჩეხეთის ერთი მოქალაქე.
ვენესუელის შინაგან საქმეთა მინისტრის დიოსდადო კაბელოს თქმით, უცხოელები, სავარაუდოდ, ამზადებდნენ "ძალადობრივ აქტებს" ქვეყნის მეთაურის, ნიკოლას მადუროს და მისი მთავრობის წინააღმდეგ.
მისივე თქმით, სამართალდამცავებმა დაკავებულებისგან 400 ერთეული ამერიკული ცეცხლსასროლი იარაღი ამოიღეს.
"ჩვენ ვიცით, რომ შეერთებული შტატების მთავრობა დაკავშირებულია ამ საქმესთან," - თქვა მინისტრმა და დასძინა, რომ გადატრიალების მომზადებაში ჩართული იყო ესპანეთის სპეცსამსახურები და ასევე ვენესუელის ოპოზიცია.
გარდა ამისა, კაბელომ თავის პრესკონფერენციაზე ახსენა ფრანგი და აღმოსავლეთ ევროპელი დაქირავებულები, რომლებიც, მისი თქმით, ასევე გეგმავდნენ თავდასხმას ვენესუელაზე.
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოეხმაურა ვენესუელის ბრალდებებს და მათ „აბსოლუტურად ცრუ“ უწოდა. ამასთან, დეპარტამენტის სპიკერმა დაადასტურა ერთი ამერიკელი სამხედო მოსამსახურის დაკავება ვენესუელაში, კიდევ ორი ამერიკელის დაკავებას უწოდა „დაუდასტურებელი“.
კარაკასსა და ვაშინგტონს შორის დაძაბული ურთიერთობა კიდევ უფრო გაუარესდა ივლისის ბოლოს ვენესუელაში ჩატარებული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ. არჩევნების გაყალებების შესახებ ბრალდებებისა და საერთაშორისო საზოგადოების კრიტიკის მიუხედავად, არჩევნებში გამარჯვებულად კვლავ მოქმედი პრეზიდენტი ნიკოლას მადურო გამოცხადდა.
შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა უარი თქვეს მადუროს ლეგიტიმურობის აღიარებაზე და ქვეყანაში დაიწყო მასობრივი საპროტესტო გამოსვლები არჩევნების რეალური შედეგების გამოქვეყნების მოთხოვნით.
ამ აქციების შედეგად სულ მცირე 27 ადამიანი დაიღუპა და 192 დაშავდა. დააკავეს 2400-მდე ადამიანი. ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი იძულებული გახდა ვენესუელა დაეტოვებინა და ესპანეთისთვის ეთხოვა დროებითი თავშესაფარი.