როდესაც ერთხელ საერთაშორისო სამართალს დაარღვევ, შემდეგ ადვილად მიდის ყველაფერი, - განაცხადა გადაცემაში „იმედი LIVE“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა.
წამყვანის შეკითხვაზე, იმ ფონზე როდესაც გამარტივდა უვიზო მიმოსვლის შეჩერების წესები, მოსალოდნელია თუ არა წლის ბოლოს გადაწყვეტილება, თუნდაც გარკვეულ ჯგუფებთან დაკავშირებით.
„არაფერი გამორიცხული არ არის დღევანდელი ბრიუსელის ხელში. როდესაც ღირებულებებს ასცდები და პოლიტიკური დღის წესრიგის გამტარებელი იქნები ხალხების მიმართ, იქ ყველაფერი მოსალოდნელია. საბჭოთა მოსკოვი ხომ ამიტომაც იყო მათ შორის საშიში, რომ იყო პოლიტიკური ინტერესი, რომელსაც გაატარებდა?! ასე რომ, რას გააკეთებს დღეს საკავშირო ხელისუფლება, წინასწარ პროგნოზირება რთულია. ადვილია დემოკრატიის პროგნოზირება, როდესაც კანონის უზენაესობას ივიწყებს ბრიუსელი. მან ერთი დანაშაული უკვე ჩაიდინა ამ მხრივ, როდესაც დიპლომატიური პასპორტებისთვის გააუქმა უვიზო მიმოსვლა. ამით მათ საერთაშორისო ხელშეკრულება დაარღვიეს, რომელიც ევროკავშირსა და საქართველოს შორის 2010 წელს იყო დადებული. დღესაც რომ ჰკითხოთ ევროკავშირის ელჩს, იმ ხელშეკრულების რომელ პუნქტზე დაყრდნობით გაუქმდა უვიზო მიმოსვლა, პასუხს ვერ გაგცემთ, რადგან არ არსებობს. ეს არის თვითნებობა. როგორც შუბლის ძარღვის გაწყვეტა არის ადამიანში, ასე არის სახელმწიფოში და ორგანიზაციაში, როდესაც ერთხელ საერთაშორისო სამართალს დაარღვევ, შემდეგ ადვილად მიდის ყველაფერი“, - აღნიშნა პაპუაშვილმა.