უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოფიციალურად მიიღო აშშ-სგან „ომის დასრულების გეგმა“ და მის განხილვას აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან აპირებს. ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი ავრცელებს.
„უკრაინის პრეზიდენტმა გამოკვეთა ჩვენი ხალხისთვის მნიშვნელოვანი ფუნდამენტური პრინციპები და დღევანდელი შეხვედრის შემდეგ შევთანხმდით, რომ გეგმის პუნქტებზე ისე ვიმუშავებთ, რომ ამან ომის ღირსეულად დასრულებამდე მიგვიყვანოს. უკრაინა რუსეთის შემოჭრის პირველივე წამებიდან მშვიდობისკენ ისწრაფვის და ჩვენ მხარს ვუჭერთ ყველა მნიშვნელოვან წინადადებას, რომელსაც შეუძლია ნამდვილი მშვიდობის დამყარება. უკრაინამ წლის დასაწყისიდან მხარი დაუჭირა პრეზიდენტ ტრამპის წინადადებებს სისხლისღვრის დასრულების შესახებ“, - აღნიშნულია განცახდებაში.
უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ის კვლავ მზადაა კონსტრუქციულად ითანამშრომლოს ამერიკულ მხარესთან და ევროპელ პარტნიორებთან, რათა უზრუნველყოს მშვიდობიანი შედეგები.
მათ ასევე არნოშნეს, რომ ზელენსკი უახლოეს დღეებში აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან არსებული დიპლომატიური შესაძლებლობებისა და მშვიდობისთვის საჭირო ძირითადი საკითხების განხილვას გეგმავს.