ვენესუელაში მოსამართლემ, რომელსაც აქვს იურისდიქცია ტერორიზმის საქმეებზე, ოპოზიციის საპრეზიდენტო კანდიდატის ედმუნდო გონსალესის დაპატიმრების ორდერი გასცა ძალაუფლების უზურპაციის, ამბოხების, შეთქმულებისა და დივერსიის ბრალდებით.
გამოძიება ვენესუელის ოპოზიციის ლიდერების ედმუნდო გონსალესისა და მარია კორინა მაჩადოს წინააღმდეგ პროკურატურამ აგვისტო დასაწყისში წამოიწყო.
ვენესუელის ოპოზიციური პარტიების ერთობა და მოსახლეობის დიდი ნაწილი ედმუნდო გონსალესს არჩეულ პრეზიდენტად მიიჩნევს. დაკავების ორდერის გაცემას გამოეხმაურა მარია კორინა მაჩადო.
"ხელისუფლებამ დაკარგა რეალობის შეგრძნება. არჩეული პრეზიდენტის მიმართ მუქარით მხოლოდ გაზრდის ედმუნდო გონსალესისადმი ვენესუელელთა და მთელი მსოფლიოს მხრიდან მეტ ერთიანობას და მხარდაჭერას", - წერს მაჩადო სოციალურ ქსელში.
ვენესუელაში საპრეზიდნეტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ, რომელიც მანამდე ქვეყანას ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა, ამომრჩეველთა 51,2 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხმების სამართლიანი დათვლით გონსალესს არჩევნები დაახლოებით 67 პროცენტით უნდა მოეგო. ამ მტკიცების მხარდასაჭერად, მადუროს ოპონენტებმა გამოაქვეყნეს პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების 80 პროცენტზე მეტი. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მადუროს დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა.
სხვადასხვა წყაროს მიხედვით, ქვეყანაში საპროტესტო აქციების დროს 23-დან 27-მდე ადამიანი დაიღუპა. დაკავებულია 2000-ზე მეტი ადამიანი.