გორის რაიონულმა სასამართლომ ხაშურში, 74 წლის ტაქსის მძღოლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებულ 14 წლის გოგოს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარე კი მისთვის გირაოს გამოყენებას მოითხოვდა.
"ბრალდებული ძალიან ცუდ მდგომარეობაშია. მოგეხსენებათ, ბავშვია და ემოციების მართვაც კი ვერ შეძლო. მძიმე სურათი იყო". - თქვა ბრალდებული არასრულწლოვნის ადვოკატმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 2009 წელს დაბადებული პირი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.
დანაშაული 10-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
"გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ხაშურის მუნიციპალიტეტში, ცივი იარაღის გამოყენებით სხეულზე ჭრილობები მიაყენა 1950 წელს დაბადებულ ზ.ლ.- ს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
მიყენებული დაზიანებების შედეგად, დაჭრილი მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
სამართალდამცველებმა გ.ყ. ცხელ კვალზე დააკავეს. პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო". - ნათქვამია განცხადებაში.