თეთრმა სახლმა არასაჯარო მოლაპარაკებების დროს, ვენესუელის პრეზიდენტ ნიკოლას მადუროს შესთავაზა ამნისტია, ძალაუფლების დათმობის სანაცვლოდ. იტყობინება გამოცემა The Wall Street Journal-ი ანონიმურ წყაროებზე დაყრდნობით.
ცნობილია, რომ შეერთებულ შტატებში ნიკოლას მადუროსა და სხვა ვენესუელელ მაღალჩინოსნებს ბრალი აქვთ წაყენებული ნარკოტიკებით ვაჭრობაში, კერძოდ, შეერთებულ შტატებში კოკაინის იმპორტში მონაწილეობისთვის.
ამასთან, გამოცემის წყაროების ცნობით, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია მადუროს საექსტრადიციო დევნისგან გარანტიებს დაჰპირდა.
როგორც გამოცემა იტყობინება, შეერთებულმა შტატებმა მადუროს ამნისტია იგივე პირობებით ჯერ კიდევ 2023 წელს, დოჰაში გამართულ საიდუმლო მოლაპარაკებების დროსაც შესთავაზა. მადურომ მაშინაც კატეგორიული უარი თქვა ძალაუფლების ნაადრევად დათმობის პირობებზა და მას შემდეგ, მისი პოზიცია არ შეცვლია.
9 აგვისტოს გამართულ პრესკონფერენციაზე მადურომ მოუწოდა შეერთებულ შტატებს „არ ჩაერიოს ვენესუელის საშინაო საქმეებში“ და აღნიშნა, რომ ღიაა ვაშინგტონთან მოლაპარაკებებისთვის, თუ ეს მისდამი პატივისცემით იქნება განმსჭვალული.
ვენესუელაში საპრეზიდნეტო არჩევნები 28 ივლისს გაიმართა. ეროვნულმა საარჩევნო საბჭომ გამარჯვებულად ნიკოლას მადურო გამოაცხადა. საარჩევნო საბჭომ განაცხადა, რომ მადურომ, რომელიც მანამდე ქვეყანას ორი საპრეზიდენტო ვადით მართავდა, ამომრჩეველთა 51,2 პროცენტის მხარდაჭერა მიიღო. თუმცა, საერთაშორისო დამკვირვებლებს არჩევნებში მონაწილეობის უფლება არ მისცეს.
არჩევნების შემდეგ გონსალესის მხარდამჭერები ქუჩებში საპროტესტო აქციებზე გამოვიდნენ, რასაც მოჰყვა უშიშროების ძალების და შეიარაღებული პრო-სამთავრობო ჯგუფების მიერ მათი დარბევა.
ოპოზიციის მტკიცებით, ხმების სამართლიანი დათვლით გონსალესს არჩევნები დაახლოებით 67 პროცენტით უნდა მოეგო. ამ მტკიცების მხარდასაჭერად, მადუროს ოპონენტებმა გამოაქვეყნეს ვენესუელაში პირდაპირ საარჩევნო უბნებიდან მიღებული ოქმების 80 პროცენტზე მეტი. წინასაარჩევნო გამოკითხვებმა ასევე აჩვენა, რომ მადუროს დამარცხება გარდაუვალი იქნებოდა.
3 აგვისტოს მონაცემებით, საპროტესტო აქციების დროს 2000 ადამიანი დააკავეს, დაღუპულია 20-მდე ადამიანი.