პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანია, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი, - ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა “ქართული ოცნების” პოლიტსაბჭოს განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა
ჭიაბერაშვილის თქმით, ყველა, ვინც ბრალეულობას აკისრებს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ამით ის ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს.”
„2008 წლის 7 აგვისტოს რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე იყო საქართველოს ტერიტორიაზე და საქართველოს მთავარსარდლის მიხეილ სააკაშვილის გადაწყვეტილება საპასუხო 2008 წლის 8 აგვისტოს იყო მხოლოდ რეაქცია საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების ფართომასშტაბიან შემოჭრაზე და ჩვენ, აი ამ შემოჭრას გავუძელით ერთიანობით, ქვეყნის ერთიანობით და იმით, რომ სწორედ ჩვენი დასავლელი პარტნიორები მყარად იდგნენ საქართველოს გვერდით. ამიტომ, ამ თარიღს 7 აგვისტოს, აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა, იმიტომ, რომ რუსული პროპაგანდა ამტკიცებს, თითქოს ჯერ საქართველომ დაიწყო შეიარაღებული მოქმედებები და მათ მხოლოდ ამის შემდეგ ჰქონდათ რეაქცია ამაზე და ამიტომ, მათ უნდათ წარმოაჩინონ, თითქოს ომის დაწყების თარიღი არის 8 აგვისტო. 7 აგვისტოს, რუსეთის შეიარაღებული ძალები უკვე იყვნენ საქართველოს ტერიტორიაზე. ეს არის დოკუმენტურად დადასტურებული და ამიტომ იმისათვის, რომ სამართლებრივადაც მათ შორის, არამხოლოდ პოლიტიკურად, საერთაშორისო სამართლის მიხედვით, ჰქონდეს მყარი პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისათვის და პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ომის დაწყების თარიღი იყოს 7 აგვისტო და ასევე მნიშვნელოვანი არის, რომ არ არსებობდეს ეჭვი იმასთან დაკავშირებით, ვინ დაიწყო ომი. ვინც ოდნავ ბრალეულობასაც კი აკისრებს საქართველოს მაშინდელ ხელისუფლებას, ამით ის ადანაშაულებს საქართველოს და ამით ის ებრძვის საქართველოს ეროვნულ ინტერესებს, ებრძვის საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და სუვერენიტეტს“. - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.
დღეს, „ქართული ოცნების“ პოლიტიკურმა საბჭომ განაცხადა: „ნაციონალურ მოძრაობას“ ქვეყნისა და ხალხის წინააღმდეგ უამრავი დანაშაული აქვს ჩადენილი, მაგრამ ყველაზე დიდი და მძიმე დანაშაული სწორედ 2008 წელს ჩადენილი ავანტურაა, ჩვენი ქვეყნის შეუქცევადი განვითარების უზრუნველსაყოფად და საქართველოში გრძელვადიანი მშვიდობის დასამყარებლად უმნიშვნელოვანესია, ამ მოვლენებს სათანადო სამართლებრივი შეფასება მიეცეს, საზოგადოებას ვაძლევთ პირობას, რომ არჩევნების შემდეგ ეს აუცილებლად ასე მოხდება”.