ზუგდიდის სასამართლომ ვიტალი გუგუჩიას აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდა - სასამართლო გუგუჩიას "პოსტივის" ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელშეშლასა და ძალადობას ედავება.
როგორც გუგუჩიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, ის გირაოს გადახდას აპირებს და სისტემის წინააღმდეგ ბრძოლას არ შეწყვეტს.
გეგუჩია და მისი ცოლი საზოგადოებისთვის ცნობილი 29 მაისს გახდა, როცა ფორთოხლის სროლის გამო მათ მაღაზიაში ბოდიშის მოსახდელად დეპუტატი ვიქტორ ჯაფარიძე მივიდა.
რამდენიმე დღეში კი ფორთოხლის მაღაზიის მფლობელთან სამეგრელოში, სოფელში, სადაც ხილ-ბოსტნეულის მაღაზიის მფლობელები იმყოფებოდნენ - PosTV-ი ჩავიდა, სადაც ვიტალი გეგუჩიასა და გადამღებ ჯგუფს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
საქართველოს პროკურატურამ ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის და ძალადობის ფაქტზე ვიტალი გეგუჩიას ბრალდება წარუდგინა.
„სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2024 წლის 31 მაისს, ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის ჟურნალისტი ნ.ბ. და ოპერატორი ბ.დ., ვ.გ.-სთან ინტერვიუს ჩაწერის მიზნით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში, რესპონდენტის საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე მივიდნენ. ტელეკომპანია „პოს ტვ“-ის სარედაქციო პოლიტიკის მოწინააღმდეგე ვ.გ.-მ ჟურნალისტისა და ოპერატორის მიმართ სიტყვიერი აგრესია გამოხატა, რის შემდგომაც ოპერატორს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულის შედეგად, მედიის წარმომადგენლებმა ადგილზე პროფესიული საქმიანობის განხორციელება ვერ შეძლეს”, - აღნიშნავს პროკურატურა.
გუგუჩიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია) და სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით (ჟურნალისტისათვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 1 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.