დღეს, 3 აგვისტოს, თბილისში აზერბაიჯანული მედიაგამოცემის, azel.tv-ის დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, აფგან სადიგოვი დააკავეს.
ფაქტის ამსახველ ვიდეოს სადიგოვის მეუღლე, სევინჯ სადიგოვი ავრცელებს სოციალურ ქსელში.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მედიას უთხრა, რომ აფგან სადიგოვი 2024 წლიდან, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე ჩადენილი დანაშაულისთვის იძებნებოდა.
შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტმა, აფგან სადიგოვი აზერბაიჯანთან შემდგომი ექსტრადირების მიზნით დააკავა.
აქამდე, 19 ივლისს, აფგან სადიგოვმა განაცხადა, რომ მას თბილისის აეროპორტში საქართველოდან გასვლის შესაძლებლობა არ მისცეს და უთხრეს, რომ მხოლოდ აზერბაიჯანში შეეძლო დაბრუნება.
როგორც რადიო თავისუფლება წერს, აფგან სადიგოვმა, რომელიც თავს ყოფილ პოლიტპატიმრად მიიჩნევს, გამოცემას განუცხადა, რომ შვიდი თვეა, რაც თბილისში ცხოვრობს. ჟურნალისტი მანამდე, წელიწად-ნახევრის წინ, საქართველოში სამკურნალოდ ჩამოვიდა. გვითხრა, რომ ციხეში ხანგრძლივმა შიმშილობამ ჯანმრთელობა შეურყია. სადიგოვი აზერბაიჯანში ორჯერ იყო დაპატიმრებული.
მკურნალობის შემდეგ სამშობლოში დაბრუნებულ სადიგოვს, როგორც თავად ამბობს, აზერბაიჯანის ხელისუფლებამ კვლავ პრობლემები შეუქმნა. ის ჰყვება, რომ დაშინებისა და ზეწოლის ქვეშ მოექცა, რის შემდეგაც თბილისში ჩამოვიდა. ჟურნალისტი მიიჩნევს, რომ მისთვის უსაფრთხო არ არის აზერბაიჯანში დაბრუნება.
აფგან სადიგოვი ამბობს, რომ მუქარა გაგრძელდა მისი ოჯახის წევრების მიმართ. ჟურნალისტისგან მოითხოვდნენ, შეეწყვიტა აზერბაიჯანის ხელისუფლებაზე კრიტიკული აზრის გამოხატვა. ამჟამად azel.tv-ის მთავარი რედაქტორის ოჯახის წევრებიც თბილისში იმყოფებიან და ერთად სურთ მესამე ქვეყანაში გამგზავრება.
აფგან სადიგოვი იმ ჟურნალისტების ჩამონათვალში იყო, რომელთა გათავისუფლებას 2019 წელს ორგანიზაცია „ჟურნალისტთა დაცვის კომიტეტი“ მოითხოვდა.