კვირას, 28 ივლისს ვენესუელაში საპრეზიდენტო არჩევნები იმართება.
ქვეყნის ახალი პრეზიდენტი, რომელიც უფლებამოსილების განხორციელებას 2025 წლის 10 იანვრიდან შეუდგება, ექვსი წლის ვადით აირჩევა.
არჩევნებში მონაწილეობს ათი კანდიდატი, მათ შორის ამჟამინდელი პრეზიდენტი, ავტორიტარი სოციალისტი ნიკოლას მადურო, რომელიც ხელისუფლებაში 2013 წლიდან იმყოფება.
ნიკოლას მადუროს მთავარ კონკურენტად მიიჩნევა ყოფილი დიპლომატი და გაერთიანებული ოპოზიციის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატი, ედმუნდო გონსალესი.
არჩევნების წინ, მადურომ მოქალაქეებს მიმართა და მოუწოდა, მხარი დაუჭირონ მის კანდიდატურას მესამე ვადით, რადგან, მისი მტკიცებით, მხოლოდ მას ძალუძს ქვეყანაში მშვიდობისა და ჰარმონიის მიღწევა და შენარჩუნება.
"მრავალწლიანმა ბლოკადამ, ეკონომიკურმა ომმა და პოლიტიკურმა კონფლიქტმა, რომელიც შთაგონებულია ულტრამემარჯვენე ძალებით, მიიყვანა ვენესუელა უკიდურესად მძიმე ვითარებამდე, მაგრამ ხელისუფლებამ მოახერხა შერიგებისა და ეროვნული ჰარმონიის მიღწევა", - თქვა მადურომ.
თავის მხრივ, ედმუნდო გონსალესმა, რომელიც გამოკითხვების თანახმად მნიშვნელოვნად უსწრებს მადუროს, მოსახლეობას მხარდაჭერისკენ მოუწოდა და სიღარიბის დაძლევასა და კორუფციის აღმოფხვრას დაჰპირდა.
"ეს დღე აღნიშნავს ახალ ეტაპს - სიყვარულს სიძულვილის ნაცვლად, პროგრესს სიღარიბის ნაცვლად, პატიოსნებას კორუფციის ნაცვლად", - თქვა გონსალესმა.
გაერთიანებული ოპოზიციის პლატფორმის ლიდერმა მარია კორინა მაჩადომ, რომელსაც მადურომ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა აუკრძალა, მხარდაჭერა გამოუცხადა გონსალესს და განაცხადა, რომ მისი გამარჯვების შემთხვევაში, ოპოზიციური ალიანსი ყველაფერს გააკეთებს, რათა ქვეყანაში ინვესტიციები მოიზიდოს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სფეროში და ეკონომიკა ააღორძინოს.
"ვენესუელას სჭირდება უზარმაზარი ინვესტიციები ენერგეტიკასა და სამთო მოპოვებაში, რათა ქვეყანამ გამოიყენოს თავისი პოტენციალი და გახდეს ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკის ენერგეტიკული ჰაბი“, - განაცხადა მაჩადომ.
მაჩადოს თქმით, ოპოზიციურ ალიანსში გაერთიანებული ყველა ძალა აცნობიერებს, რომ ქვეყანაში ინვესტიციების მოზიდვა კანონის უზენაესობის, კერძო საკუთრებისა და კონტრაქტების პატივისცემის გარეშე შეუძლებელი იქნება.
არსებობს ვარაუდი, რომ მარცხის მიუხედავად, ნიკოლას მადურო შეეცდება, არ დათმოს ძალაუფლება, როგორც ეს 2018 წელს მოხდა. მაშინდელი არჩევნები ტოტალური გაყალბების ფონზე წარიმართა, საერთაშორისო საზოგადოებამ არჩევნები არ აღიარა, როგორც თავისუფალი და სამართლიანი. შეერთებულმა შტატებმა და დასავლეთის ათობით ქვეყანამ ვენესუელის პრეზიდენტად ოპოზიციის ლიდერი ხუან გუაიდო აღიარა, თუმცა მიუხედავად ამისა, მადურომ შეძლო ძალაუფლების შენარჩუნება.
მოელიან, რომ დღევანდელ არჩევნებზეც მაღალი იქნება გაყალბების მაჩვენებელი. ამ მოლოდინებს კიდევ უფრო აძლიერებს არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების შეზღუდული რაოდენობა.
მიუხედავად მრავალი დაბრკოლებისა, რომელსაც ოპოზიცია შეხვდა, მათ შორის პოლიტიკური დევნა, ოპოზიციურ საარჩევნო კამპანიასთან დაკავშირებული 100-ზე მეტი ადამიანის დაპატიმრება, მადუროს მოწინააღმდეგეთა ბანაკი ოპტიმისტურად უყურებს არჩევნების დღეს.
ოპოზიციის მტკიცებით, გამოკითხვებში მათი კანდიდატი იმდენად მაღალი მაჩვენებლით უსწრებს მადუროს, რომ ამ უკანასკნელს „არჩევნების მოპარვა“ გაუჭირდება.
ხელისუფლება და სახელისუფლებო პროპაგანდა ამტკიცებს, რომ მადურო ყველა გამოკითხვაში ლიდერობს.
თავად მადურო აცხადებს, რომ მისი დამარცხების შემთხვევაში, ქვეყანაში სისხლის მდინარეები დადგება.