საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი კრწანისის სასწავლო ბაზაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.
ქვეყნის პირველი პირის სახელით შესაბამისი განცხადება ცოტა ხნის წინ პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ გააკეთა.
ამასთან, მისივე განმარტებით, პრეზიდენტი მომხდარის დაუყოვნებლივ გამოძიებას მოითხოვს, რის კონტექსტშიც მან შესაბამისი უწყების წარმომადგენლებს საგანგებო დავალება მისცა.
"ჩვენ ქედს ვიხრით თითოეული ჯარისკაცის ხსოვნის წინაშე და სამძიმარს ვუცხადებთ დაღუპულთა ოჯახებს. პრეზიდენტის დავალებით უკვე დაიწყო გამოძიება მომხდართან დაკავშირებით. პრეზიდენტი დაინტერესუბულია, რაც შეიძლება მალე მოხდეს დეტალების გარკვევა", - აცხადებს მანჯგალაძე.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის პირველი პირის გადაწყვეტილებით დაღუპული ჯარისკაცების დაკრძალვის, ხოლო დაჭრილი სამხედროების მკურნალობის ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს.