აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, პარტიის დელეგაცია აგრძელებს ვიზიტს აშშ-ში. რესპუბლიკური პარტიის ეროვნული ყრილობის ფარგლებში, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა, პარტიის დელეგაციის წევრებთან ერთად, კონგრესმენებთან, სენატორებთან და გადაწყვეტილების მიმღებ პირებთან მაღალი დონის შეხვედრებს მართავს;
„ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაცია ვიმყოფებით მილუოკში, რესპუბლიკური პარტიის ეროვნულ ყრილობაზე, სადაც მოხდება დონალდ ტრამპის დასახელება ოფიციალურად, როგორც რესპუბლიკური პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება, სადაც საქართველოდან პარტიული წარმომადგენლობით ვიმყოფებით მხოლოდ ჩვენ. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია აშშ-საქართველოს ურთიერთობები არა მხოლოდ წინანდელ ნიშნულს უნდა დაუბრუნდეს, არამედ კიდევ უფრო გაღრმავდეს ჩვენი ურთიერთობები და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ასეც მოხდება 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, როდესაც შეიცვლება ხელისუფლება და ივანიშვილის ხელისუფლება ჩანაცვლდება პროამერიკული, პროდასავლური კოალიციური დემოკრატიული ხელისუფლებით. “- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.