ჩვენ, “ერთიანობა” და “ნაციონალური მოძრაობა” ვგმობთ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმას, ვუსურვებთ პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელებას და ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახს, - ამის შესახებ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საგარეო მდივანმა, ზურაბ ჭიაბერაშვილმა განაცხადა.
ჭიაბერაშვილის თქმით, მსოფლიოში გააქტიურებულია ანტიდემოკრატიული და ანტილიბერალური ძალები.
„ჩვენ, “ერთიანობა” და “ნაციონალური მოძრაობა” ვგმობთ პრეზიდენტ ტრამპზე თავდასხმას და ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. გვინდა, ვუსურვოთ პრეზიდენტ ტრამპს გამოჯანმრთელება და მივუსამძიმროთ გარდაცვლილის ოჯახს. ამავდროულად გვინდა განვაცხადოთ, რომ ძალადობა მიუღებელია, მათ შორის პოლიტიკაში და ისეთ მდგომარეობის დროს, როგორიც დღეს მსოფლიოშია. მსოფლიოში ჩვენ ვხედავთ ანტიდემოკრატიული, ანტილიბერალური ძალების გააქტიურებას და დღეს მსოფლიოში საერთო ძალისხმევაა აუცილებელი, რომ შენარჩუნებული იქნას სტაბილურობა, მშვიდობა და ძალადობას არ ჰქონდეს ადგილი არცერთ საზოგადოებაში და ამ ფონზე ჩვენთვის მნიშვნელოვანია ეს გაკვეთილი იქიდან გამომდინარე, რომ საქართველოს სურს იყოს დემოკრატიული სამყაროს, იმ სამყაროს ნაწილი, სადაც ადამიანები და საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ესწრაფვის სწორედ სიმშვიდეს, სტაბილურობას, კეთილდღეობას და განვითარებას. ჩვენი ადგილი ევროპაშია და ჩვენი ადგილი არის დასავლურ სტრუქტურებში, რომელმაც უნდა უზრუნველყოს ჩვენი მოქალაქეებისათვის უკეთესი განვითარება. ასეთ პირობებში ქვეყნის სათავეში “ქართული ოცნების” ყოფნა, რომელიც ზუსტადაც რომ ჩვენი საზოგადოების შიგნით აღრმავებს პოლარიზაციას, დაპირისპირებას, თვითონ არის ძალადობის ინსპირატორი და ძალადობის ავტორი ჩვენს საზოგადოებაში, რაც განვლილი თვეების განმავლობაში ვნახეთ, კიდევ ერთხელ მოწმობს, რომ ასეთი ხელისუფლების ადგილი არ არის ქვეყანაში, პირიქით, საქართველოს სჭირდება ისეთი ხელისუფლება, რომელიც არის კარგ ურთიერთობაში ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან.” - განაცხადა ზურაბ ჭიაბერაშვილმა.