თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთობლივი განცხადებით გამოეხმაურნენ ხვალინდელი აქციის "დავხვდეთ კობახიძეს" ორგანიზატორ ნიკო მანაგაძეზე უცნობი პირების მიერ თავდასხმას და მოქალაქეებს ხვალინდელ აქციაზე გამოსვლისკენ მოუწოდეს.
"დღეს ირაკლი კობახიძის ლექციის დროს დაგეგმილი საპროტესტო აქციის წინა დღეს თსუ-ს პირველ კორპუსთან ფიზიკურად გაუსწორდნენ ჩვენი ორგანიზაციის დამფუძნებელს, ნიკო მანაბაძეს. ნიკო აქტიურად არის ჩართული აქციის ორგანიზებაში და კობახიძის ზონდერებმა ამ გზით სცადეს ნიკოს დასჯა და სხვა სტუდენტების დაშინება. ჩვენი პასუხია - ვერ შეგვაშინებთ! კიდევ უფრო მეტნი მოვალთ ხვალ!
მივმართავთ ლექტორებს, დადექით თქვენი სტუდენტების გვერდით, მათ გვერდით, ვისაც რეჟიმი პროევროპული არჩევანის გამო ფიზიკურად უსწორდება. მივმართავთ იურიდიული ფაკულტეტის დეკანს, თამარ ზარანდიას, გამოდით დილით 9 საათზე და დადექით იქ, სადაც თქვენი პროფესორის ღალატის გამო თქვენივე სტუდენტებს ასისხლიანებენ. დუმილი ახალისებს ძალადობას, მოვუწოდებთ ყველას, მოქალაქეებს, დადექით ჩვენს გვერდით. ხვალ, დილის 9 საათზე ვიკრიბებით თსუ-ს მეორე კორპუსთან, ერთად დავხვდეთ კობახიძეს". - ნათქვამია განცხადებაში.
აქტივისტ ნიკო მანაგაძეს რამდენიმე ადამიანი თსუ-ის პირველ კორპუსთან თავს დაესხა.