დღევანდელი სანქციები მიზნად ისახავს იმას, რომ შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და ხალხი დარჩება პირისპირ საფრთხეებთან ფარის გარეშე, – ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, ბევრი თვეა, მიმდინარეობს ბრძოლა მთავარი მიზნისთვის, დააშორონ ერთმანეთს ხელისუფლება და ერი.
„თითქოს, ჩვენ ვართ ფენომენები, რომლებისაც არც დასავლეთი გვესმის, არც არაფერი ვიცით, ვართ მიუღებლები. ჩვენ უნდა დაგვაშორონ ჩვენივე ერს. რატომ? იმიტომ, რომ ჩვენ დღეს ვთამაშობთ ფარის ფუნქციას და ეს ფარი უნდა დაეცეს. ეს ხელისუფლება არ არის იდეალური, რა თქმა უნდა, არც ერთი ხელისუფლება არ არის იდეალური, მაგრამ ვინც არ უნდა ამბობდეს ამას, სამარცხვინოა იმის თქმა, რომ ეს ხელისუფლება არის ბევრად უარესი, ვიდრე წინა. ფაქტების ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს. ვინც გვისმენს, იმან კარგად იცის, რატომ არის სამარცხვინო. დღევანდელი სანქციები, ჩემი აზრით, მიზნად ისახავს იმას, რომ შექმნან და გააღრმაონ უფსკრული ხელისუფლებასა და ხალხს შორის, რაც აქამდე ვერ მოხერხდა, რადგან ის უმცირესობა, რომელიც არის ქუჩაში, რა თქმა უნდა, არ არის საზოგადოების ფართო მასების აზრი. როდესაც ეს მოხდება, ასეთი ხელისუფლება მარტივი წასაქცევია და შემდეგ რა მოხდება? ხალხი დარჩება პირისპირ იმ საფრთხეებთან ფარის გარეშე, რომელი საფრთხეების არიდებასაც ჩვენ ჩვენი ქვეყნისთვის ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვცდილობთ და დღემდე წარმატებასაც ვაღწევთ, რადგან საფრთხე არ რეალიზდა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.