თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას - “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ეკა ხერხეულიძემ „ქართლი ოცნების“ დეპუტატებს პლენარულ სხდომაზე მიმართა.
"ხალხო, თქვენ ახლა რომ გჭირთ, ჩემ მტერს, ასეთი უბედურება და ისეთი ღრუბელი ადგას თქვენს რეპუტაციას. ეს არ არის ნორმალური და არც ერთ შემთხვევაში არ დარჩება საქართველოს ისტორიაში უკვალოდ. თქვენ გგონიათ, რომ ეს ხალხმრავლობა, რომელიც ქუჩაშია და რომელსაც ხალხის მღელვარებას ხედავთ, არის წარმავალი. ასე არ არის, საქართველოს ისტორია, თქვენი სურვილების მიხედვით არ იწერება და არ იმართება. თქვენ უყურებთ, რომ ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული ხალხის მასშტაბური გამოსვლები კი არ არის, აქ არის უკვე ჩამოყალიბებული ეროვნული მოძრაობა და საყოველთაო გაფიცვას ეფუძნება თეატრებში, უმაღლეს სასწავლებლებში პროტესტი, პროფესორ-მსწავლებლებში, სტუდენტებში, მომღერლებში, სპორტსმენებში, ამას აღარ ჰქვია ერთი საკითხის ირგვლივ გაერთიანებული პროტესტი, ეს არის ეროვნული მოძრაობა. დღეს თქვენ თქვენი განაჩენით, საკუთარ თავს დაუწერეთ პოლიტიკური ნეკროლოგი. დარწმუნებული ვარ, ყველა მისცემთ ხმას და მე არ მაქვს ილუზია, რომ ვინმე თქვენგან გათავისუფლებული მონა და სპარტაკი აღმოჩნდება მაგრად იცოდეთ, რომ 28 მაისი თქვენი დაისი იქნება პოლიტიკური და ამას შეეგუეთ " აღნიშნა ეკა ხერხეულიძემ სიტყვით გამოსვლისას.