რუსთავში ცოლისა და სიდედრის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ფირაშვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
ფირაშვილს ბრალი ორი მუხლით აქვს წარდგენილი. კერძოდ, სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის „კ“ და „ლ“ ქვეპუნქტით, რაც ოჯახის ორი წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას გულისხმობს. ასევე 126 პრიმა მუხლით, რაც ფსიქიკურ ძალადობას გულისხმობს.
როგორც ირკვევა, ბრალდებული სისტემატურად ძალადობდა მეუღლეზე, უკრძალავდა მას სახლიდან გასვლას, ოჯახის სხვა წევრებთან ტელეფონით კომუნიკაციას, ჩაცმის სტილის არჩევას.ხშირად მას სახლში კეტავდა.
რუსთავში, დუმბაძის ქუჩაზე მკვლელობა 22 მაისს მოხდა. ახალგაზრდა კაცმა ცოლს და სიდედრს მაშინ ესროლა, როცა ისინი ბავშვთან ერთად, ეტლით გადაადგილდებოდნენ. ორივე ქალი ადგილზე დაიღუპა. ბავშვს დაზიანებები არ მიუღია.
როგორც ირკვევა, ბრალდებულს იარაღი საკუთარ სახელზე ჰქონდა რეგისტრირებული.