შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს აფრთხილებს. გთავაზობთ განცხადებას უცვლელად:
"პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე აქციასთან დაკავშირებით საპოლიციო დანაყოფების წარმომადგენლები, მობილიზებულნი არიან და იცავენ საზოგადოებრივ წესრიგს.
აქცია 12 მაისის 22:00 საათიდან მიმდინარეობს და მონაწილეები განთავსებულნი არიან პარლამენტის მიმდებარე ქუჩებზე, მათ შორის ზ. ჟვანიას, შ. ჩიტაძისა და ბ. ჭიჭინაძის ქუჩებზე არსებულ საპარლამენტო ორგანოს შესასვლელებთან.
აქციის ორგანიზატორები და მონაწილეები საჯაროდ აცხადებენ, რომ ისინი არ მისცემენ დეპუტატებს 13 მაისს, 09:00-ზე დაგეგმილ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე დასწრების და მასში მონაწილეობის საშუალებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს აქციის ორგანიზატორებსა და მონაწილეებს გაათავისუფლონ საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები, დეპუტატებსა და აპარატის თანამშრომლებს მისცენ პარლამენტის შენობაში შესვლისა და სადეპუტატო უფლებამოსილების განხორციელების საშუალება. წინააღმდეგ შემთხვევაში, პოლიცია იმოქმედებს კანონით გათვალისწინებული უფლებამოსილების ფარგლებში და უზრუნველყოფს პარლამენტის შესასვლელების საპოლიციო ძალებით გათავისუფლებას.
კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საკანონმდებლო ორგანოს შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ პირებს, დაემორჩილონ პოლიციელის კანონიერ მოთხოვნას, არ დაუშვან პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება, ასევე, თავი შეიკავონ კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებებისგან.
ასევე, მოვუწოდებთ ადგილზე მომუშავე სხვადასხვა მედიის წარმომადგენელს, რომ დაემორჩილონ სამართალდამცველების მითითებებს და ხელი არ შეუშალონ მათ კანონით გათვალისწინებული მოვალეობის შესრულებაში, - წერია განცხადებაში.