"სტუდია მონიტორის" დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის მანქანა დააზიანეს. ინფორმაცია "სტუდია მონიტორის" ფეისბუკგვერდზე ვრცელდება.
"უკვე მესამე დღეა გრძელდება ხელისუფლების უმოქმედობისგან წახალისებული ტერორი "სტუდია მონიტორისა" და მისი დამფუძნებლის, ნინო ზურიაშვილის წინააღმდეგ.
დღეს დილით ნინო ზურიაშვილის კუთვნილი ავტომანქანა დააზიანეს. ასევე, მისი საცხოვრებელი სახლის ფასადზე გააკრეს შეურაცხმყოფელი პლაკატები.
გუშინ ანალოგიური შინაარსის პლაკატები გააკრეს იმ კორპუსში, სადაც "სტუდია მონიტორის" ოფისია განთავსებული.
ყველა შემთხვევასთან დაკავშირებით მივმართეთ საგამოძიებო უწყებებს. ის ფაქტი, რომ ხელისუფლება და სამართალდამცავი ორგანიზაციები არ რეაგირებენ ჟურნალისტებზე მსგავსი თავდასხმის შემთხვევებზე, გვაფიქრებინებს, რომ ამ ფაქტების მიღმა სწორედ ხელისუფლება დგას.
ჩვენთვის კარგად არის ცნობილი დამოუკიდებელი მედიის წინააღმდეგ რუსული სცენარით ანგარიშსწორების ეს მეთოდები, რასაც ბოლო დღეებში მიმართავენ საქართველოში.
მიუხედავად ამისა, სტუდია მონიტორის გუნდი ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს ჟურნალისტურ გამოძიებებზე მუშაობას. არა რუსულ კანონს!," - ნათქვამია განცხადებაში.