სამხედრო ჟურნალისტი უჩა აბაშიძე დააკავეს. ადვოკატის თქმით, მას იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას ედავებიან. ადვოკატის თქმით, აბაშიძემ მათ უთხრა, რომ ერთ-ერთი ოთახიდან სამართალდამცავებმა ნივთები ისე გაიტანეს, რომ არ ესწრებოდა.
როგორც ადვოკატმა აღნიშნა, აბაშიძემ თქვა, რომ სამართალდამცავებმა ის ეზოში დააკავეს, ფორთხვით აიყვანეს სახლთან, უარს აცხადებდა სახლში შეეყვანა პოლიციელები, თუმცა კარი ძალით გააღეს.
„დაკავებულია უჩა აბაშიძე - ამ ეტაპზე ეუბნებიან იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას. მას ყველანაირი იარაღი რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ჰქონდა კანონიერად რეგისტრირებული. მან ასევე განაცხადა ჩვენთან რომ რაღაც ნივთები გაიტანეს მისი სახლიდან, სხვა ოთახიდან, სადაც ის არ იმყოფებოდა, რაც მას თვალით არ უნახავს.
გამიჭირდება იმის მტკიცება, მათ იქ რაიმე უკანონო ქმედება - ჩადება განახორციელეს თუ არა, თუმცა სახეზეა უტიფარი კანონდარღვევები," - თქვა ადვოკატმა.
მისივე თქმით, აბაშიძე ორთაჭალაში, ცენტრალური კრიმინალური პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.