სამართალდამცველებმა სასტუმრო „პარაგრაფთან“ ერთი პირი დააკავეს.
როგორც საპატრულო პოლიციის უფროსმა, ვაჟა სირაძემ ჟურნალისტებს უთხრა, აქციის მონაწილეებმა პოლიციელს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
„პოლიციელებს შეაგინეს და ამიტომ დავაკავეთ. ერთი პირი დაკავებულია ადმინისტრაციული წესით პოლიციელის შეურაცხყოფის ფაქტზე. მტკიცებულებას წარვადგენთ სასამართლოში“, – განაცხადა ვაჟა სირაძემ.
თბილისში, სასტუმრო „პარაგრაფთან“ მოძრაობა „სირცხვილიას“ ორგანიზებით აქცია იმართება. პარალელურად, სასტუმროში მიმდინარეობს ღონისძიება, რომელიც აზიის განვითარების ბანკის (ADB) 57-ე წლიური შეხვედრის ფარგლებში ტარდება.
შეკრებილები სკანდირებენ - „არა რუსულ კანონს!“
როგორც აქციის ორგანიზატორები აცხადებენ, რომ მათი მიზანია, კონფერენციის წევრებს მიაწოდონ ხმა.
შეკრების მონაწილეები 9 საათიდან გადაინაცვლებენ პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე, სადაც რუსული კანონის წინააღმდეგ მორიგ საპროტესტო აქციას შეუერთდებიან.
ფოტო: ტაბულა