საქართველოში მოქმედმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს, სადაც განცხადება გააკეთეს 30 აპრილის საღამოს, 1-ელ მაისს გამთენიისას, თბილისში საპროტესტო აქციის დარბევასთან დაკაშირებით.
არასამთავრობო ორგანიზაციების განცხადებით, აქციის დარბევისას გამოყენებული ფიზიკური ძალა უტოლდება წამებასა და არაადამიანურ მოპყრობას.
"შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ რუსული კანონის წინააღმდეგ მშვიდობიანი აქციის დარბევა არალეგიტიმური და არაპროპორციული იყო. გამოყენებული ფიზიკური ძალა უტოლდებოდა წამებასა და არაადამიანურ, დამამცირებელ მოპყრობას. ადმინისტრაციული მუხლით დაკავების პრაქტიკა კი კვლავ თავისუფლების მომეტებული შეზღუდვის ინსტრუმენტად იქცა.
აქციის დარბევის შესახებ მიღებული გადაწყვეტილება იყო უკანონო ორი საფუძვლით: არ არსებობდა შესასვლელების ბლოკირების მიზნით დემონსტრანტების დარბევის საფუძველი. ასეთი საფუძვლის არსებობის შემთხვევაშიც კი არ არსებობდა მთლიანი აქციის დარბევის სამართლებრივი წინაპირობა. საპროტესტო აქციის დასაშლელად, როგორც საჯარო წყაროებიდან ირკვევა, გამოყენებული იყო ცრემლსადენი გაზი, რეზინის ტყვიები, წიწაკის სპრეი და წყლის ჭავლი. საპოლიციო ძალები ყოველგვარი ფაქტობრივი საფუძვლის გარეშე, პერიოდულად აკავებდნენ აქციის მონაწილეებს. დაკავებისას პოლიციის კორდონში მოქცევამდე მათ მიმართ ადგილი ჰქონდა ფიზიკურ ძალადობას", - განაცხადა "საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" თავმჯდომარემ ნონა ქურდოვანიძემ.
შეგახსენებთ, 30 აპრილს საღამოს და 1 მაისს გამთენიისას, ძალოვანი უწყების წარმომადგენლებმა, პარლამენტის მიმდებარედ შეკრებილი მომიტინგეები რამდენჯერმე დაარბიეს. წყლის ჭავლისგან, რეზინის ტყვიებისგან, მხუთავი აირისა და წიწაკის სპრეისგან, პროტესტის მონაწილეები აირწინაღებით, ფიზიოლოგიიური ხსნარით და ბარიკადებით იცავდნენ თავს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ფაქტებზე, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლების შესაბამისად 63 პირი დააკავეს.
უწყების განცხადებით, ძალადობრივი ქმედებების შედეგად დაზიანებები მიიღო ექვსმა პოლიციელმა, რომლებიც შესაბამისი სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, გადაყვანილები არიან კლინიკებში.