ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა მიხეილ სააკაშვილის შემოთავაზება, ძალიან დიდი პასუხისმგებლობაა ჩვენი გუნდისა და ამომრჩევლის წინაშე. ვფიქრობ, ბრძოლა იქნება ბოლომდე, ყველაფერი მიმდინარეობს კოორდინირებულად, ბრძოლას ვაპირებთ ერთად, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პირადმა წარმომადგენელმა, სოფო ჯაფარიძემ განაცხადა.
„ჩვენ ერთად უნდა დავამარცხოთ ქვეყანაში სიღარიბე, რუსული რეჟიმი და ერთად უნდა შევქმნათ სამუშაო ადგილები, ევროპული ჯანდაცვის სისტემა, ევროპული განათლების სისტემა. ჩვენი ქვეყანა ერთხელ და სამუდამოდ ერთად უნდა გამოვიყვანოთ უდიდესი კრიზისიდან. მიხეილ სააკაშვილი იყო, არის და ყოველთვის იქნება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უალტერნატივო ლიდერი. მისი ჩართულობა არის გადამწყვეტად მნიშვნელოვანი“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
მისივე თქმით, „ნაციონალურ მოძრაობაში“ არავის ადგილს არ იკავებს.
„იქმნება ახალი ბორდი და ჩვენი კარი ყველასთვის ღიაა. მალე ძალიან ბევრ ახალ ღირსეულ სახეს ნახავთ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ რიგებში, მოვლენებს წინ ნუ გავუსწრებთ“, – განაცხადა ჯაფარიძემ.
საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართა, პარტიის ბორდის თავმჯდომარედ აირჩიონ, სოფო ჯაფარიძე კი მისი მოადგილე და საარჩევნო სიის პირველი ნომერი იყოს.