ბოლო პერიოდში, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და გენერალური პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად გატარებული კომპლექსური, ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, კანონიერი ქურდობის, ქურდული სამყაროს წევრობის, ქურდული სამყაროსადმი მიმართვისა და მათი საქმიანობის მხარდაჭერის ბრალდებით დაკავებული და სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემული იქნა 27 პირი, მათ შორის 5 კანონიერი ქურდია, - ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის კვლავ პრიორიტეტად რჩება ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა, ე.წ. „კანონიერი ქურდებისა“ და მათთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფი პირების დანაშაულებრივი საქმიანობის გამოვლენა და აღკვეთა.
„მიმდინარე წლის 11 აპრილს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, ქარელსა და გორში, „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 7 პირი დააკავეს, ხოლო 5 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა.
მათ შორის 4 კანონიერი ქურდია, რომლებიც ამჟამად საზღვარგარეთ იმყოფებიან.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
ინტენსიურ რეჟიმში ჩატარებული გამოძიებით, მათ შორის მოსამართლის განჩინების საფუძველზე განხორციელებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დადგინდა, რომ საზღვარგარეთ მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქემ „ქურდული სამყაროს" წევრებს მიმართა და ფინანსური სარგებლის სანაცვლოდ კონფლიქტის მოგვარება სთხოვა. „ქურდული სამყაროს“ წევრებმა თავის მხრივ საქმეში ე.წ. „კანონიერი ქურდები“ ჩართეს.
აღნიშნული კონფლიქტის მოგვარების სანაცვლოდ „ქურდული სამყაროს“ წევრებმა საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეს ფულადი თანხა გამოართვეს და მიითვისეს. ამის შესახებ ცნობილი გახდა ე.წ. კანონიერი ქურდებისთვის და აღნიშნული საკითხის განსახილველად ქურდული გარჩევა მოეწყო. რომელშიც დისტანციურად, სხვადასხვა ინტერნეტ აპლიკაციების გამოყენებით მონაწილეობა მიიღო საზღვარგარეთ მყოფმა 4 ე.წ. კანონიერმა ქურდმა.
პოლიციამ ბრალდებულების პირადი და საცხოვრებელი სახლების ჩხრეკის შედეგად ნივთმტკიცებად ამოიღო კომპიუტერული ტექნიკა და მობილური ტელეფონები, რომელთა საშუალებითაც ისინი ერთმანეთს და საზღვარგარეთ მყოფ „კანონიერ ქურდებს“ უკავშირდებოდნენ.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლით მიმდინარეობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მომავალშიც აქტიურად გააგრძელებს ქურდული მენტალიტეტისა და „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, აღნიშნული დანაშაულის გამოვლენას, აღკვეთასა და დამნაშავე პირების სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიცემას“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.