2023 წლის მარტის აქციებზე დაკავებული ლაზარე გრიგორიადისის საქმეზე განაჩენი ხვალ, 12 აპრილს გამოცხადდება.
ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე „ფეისბუქის“ გვერდზე წერს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაჩენი 10:00 ზე გახდება ცნობილი.
„გამარჯობა და გამარჯვება ყველას! ხვალ დილას 10:00 სთ- ზე გამოცხადდება განაჩენი!“,-წერს ლაზარეს დედა, თამთა კალანდაძე.
ლაზარე გრიგორიადისი გასული წლის მარტის შემდეგ პატიმრობაში იმყოფება. თბილისის საქალაქო სასამართლომ მარტის აქციებზე დაკავებულ ახალგაზრდას 31 მარტს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, გრიგორიადისმა 7 მარტის საპროტესტო აქციაზე ორჯერ ისროლა ე.წ მოლოტოვის კოქტეილი პოლიციელების მისამართით, რის შედეგადაც რამდენიმე პოლიციელი დაშავდა. მას ასევე ბრალი ედება პოლიციის კუთვნილი მანქანის დაწვაში.
საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე და 187-ე მუხლებით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულს 7-დან 11 წლამდე პატიმრობა ემუქრება. გამამტყუნებელი განაჩენის შემთხვევაში, ლაზარეს ადვოკატები და ოჯახი პრეზიდენტ ზურაბიშვილს შეწყალების თხოვნით მიმართავს.
ამავე დროს, ლაზარე გრიგორიადისი სასამართლომ ბრალდებულად ცნო სხვა სისხლის სამართლის საქმეზე. მოსამართლემ მას გასული წლის 25 სექტემბერს 1,6-წლიანი პატიმრობა შეუფარდა.