„კონსერვატიული მოძრაობის“ ლიდერს, ზურაბ მახარაძეს და მის თანაგუნდელს, გიორგი გოგიას აღკვეთი ღონისძიების სახით 5 000-5 000 ლარის ოდენობით გირაო შეეფარდათ. გადაწყვეტილება ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ მიიღო.
პროკურატურის განცხადებით, სასამართლომ სრულად გაითვალისწინა ბრალდების მხარის მოთხოვნა და ორივე ბრალდებულს 5 000-ლარიანი გირაო შეეფარდა.
ზურაბ მახარაძემ პროცესის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ შეფარდებული გირაოს გადახდას არ აპირებს და საქმეს პოლიტიკურ ზეწოლად მიიჩნევს.
„ასეთი რაღაცები ამ არჩევნებზეც, წინა არჩევნეზეც და პოლიტიკურ პროცესში იმდენჯერ მომხდარა, ყველა მაგ შემთხვევაზე რომ მართლა სისხლის სასამართლის საქმე აღეძრათ, ნახევარი საქართველო ციხეში იქნებოდა. ამიტომ, ჩვენ მიმართ რომ შერჩევითი სამართალია, ნებისმიერი ადამიანი სულ რომ ჩვენს აზრზე არ იყოს და ჩვენი საწინააღმდეგო იდეოლოგიის იყოს, მაინც მაგ კადრების ნახვის მერე მიხვდება, რომ არასწორია. ჩვენ პარტიული შეხვედრა გვქონდა. მოგვივარდნენ აქეთ, პროვოკაცია მოაწყვეს და ახლა ჩვენ ვსხედვართ ბრალდებულის სკამზე. აქედან გამომდინარე, როგორც იმ პროვოკაციას, ისე ამ სასამართლოს განვიხილავთ პოლიტიკური ზეწოლის საშუალებად და არა – სამართლებრივ პროცესად. ჩემთვის პრინციპულია, რომ გირაოს არ გადავიხდი. როგორც უნდა სასამართლო სისტემას – და რეალურად, ვინც გასცემს აქ მითითებებს, ანუ „ქართულ ოცნებას“ – ისეთი ნაბიჯი გადადგან. გირაოს გადახდას არ ვაპირებ და ვაფასებ ამას, როგორც პოლიტიკური ზეწოლის ფორმას“, – განაცხადა ზურაბ მახარაძემ.
ზუგდიდში მომხდარ ჯგუფურ ძალადობაზე განცხადება 3 აპრილს პროკურატურამ გაავრცელა. უწყების ცნობით, შემთხვევა 23 მარტს ზუგდიდში, რუსთაველის ქუჩის მიმდებარედ მოხდა, რა დროსაც "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა ორი პირის, ხოლო მეორე ბრალდებულმა ერთ პირის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა"