საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, სს „სილქნეტის“ კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევის ფაქტზე 1 პირს ბრალდება წარედგინა.
უწყების ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთად ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის - სს „სილქნეტის“ კუთვნილ ვებ-პლატფორმაზე უნებართვო შეღწევის გზით, კომპანიის მომხმარებელთა მიერ სიმბარათის შეძენის, ცვლილების ან პორტირებისას საკუთარი პიროვნების ვერიფიცირების მიზნით გამოყენებული პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ელექტრონულ ასლებზე უკანონო წვდომა განახორციელა, რის შემდეგაც არალეგალური გზით მათ ინტერნეტ სივრცეში რეალიზაციას ცდილობდა.
დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 284-ე მუხლის მე-3 ნაწილით (კომპიუტერულ სისტემაში უნებართვოდ შეღწევა, ჩადენილი კრიტიკული ინფორმაციული სისტემის სუბიექტის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 3-დან 6 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს უკვე მიმართა.
პროკურატურის განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.