რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი? - განაცხადა დეპუტატმა ეკა ხერხეულიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას.
„გასული კვირა მნიშვნელოვანი გახლდათ ორი პოლიტიკური შინაარსის მქონდე ფაქტით. ეს გახლდათ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ არჩევნები და ნატო-ს გენერალური მდივნის რეგიონული ტურნე. თუ რამეს უნდა ვისმენდეთ უმრავლესობის წევრებიდან, ეს არის პოლიტიკური შეფასებები იმ მოვლენებზე, რომლებიც ჩამოვთვალე, მაგრამ უმრავლესობის არც ერთ წევრს ამაზე არ უსაუბრია.
იმის გათვალისწინებით რომ ე.წ. არჩევნები ჩატარდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, არ მესმის ხმა არც ერთი ჩვენი ოპონენტის, „ქართული ოცნების“ დეპუტატისგან შეფასება, როგორ აღიქვამენ ამ კანონდარღვევას და რა პასუხი აქვთ მათ ამ საკითხთან დაკავშირებით.
მეგობრებო, ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩატარდა ე.წ. არჩევნები. დამპყრობელმა უკვე მეხუთედ იყარა კენჭი ტერორისტის ნომინაციაზე. ჩვენ ამაზე შეფასებები არ გვაქვს, ტყვეობაში მყოფი ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები იძულებულები იყვნენ მიეღოთ ამ ფარსში მონაწილეობა და უკვე მერამდენედ, საქართველოს ხელისუფლებას ამაზე პასუხი არ გააჩნია.
აღარაფერს ვამბობ იმ მოვლენაზე, როდესაც ვიხილეთ ნატო-ს გენერალური მდივნის ვიზიტი საქართველოში და საქართველო, რომელიც ამ კუთხით, რომელსაც კონსტიტუციით განსაზღვრული აქვს ნატო-ში გაწევრიანება, აღარ გაგვაჩნია ამბიცია წევრობის. საქართველოს ხელისუფლება საუბრობს ნატო-სთან დაახლოებაზე და არა წევრობაზე...
შემდგომში გამომსვლელ „ქართული ოცნების“ დეპუტატებს მინდა მივმართო - რომელს გეყოფათ გამბედაობა შეაფასოთ რუსეთის ფედერაციაში ჩატარებული ე.წ. არჩევნები და რა პასუხი გაქვთ - არის თუ არა ლეგიტიმური ვლადიმერ პუტინი, როგორც რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი?“ - განაცხადა ეკა ხერხეულიძემ