ევროპარლამენტში აცხადებენ, რომ დადგა დრო, დაიწყოს დიალოგი სომხეთთან ვიზალიბერალიზაციის შესახებ. ამის შესახებ ნათქვამია რეზოლუციაში, რომელიც ევროპარლამენტმა 13 მარტს მიიღო.
რეზოლუციას მხარი 504-მა დეპუტატმა დაუჭირა, 4 წინააღმდეგი იყო, 32-მა კი თავი შეიკავა. ბრიუსელისა და ერევნის დაახლოების თემაზე დისკუსია ევროპარლამენტში თებერვლის ბოლოს გაიმართა.
ევროპარლამენტი მიესალმება სომხეთის მისწრაფებას გააძლიეროს და ურთიერთობა ევროკავშირთან და მიაჩნია, რომ ევროკავშირმა უნდა „ისარგებლოს ამ პოტენციური გეოპოლიტიკური ცვლილებით და დაეხმაროს სომხეთს დემოკრატიულ საზოგადოებაში უფრო ძლიერი დასაყრდენის მოპოვებაში“.
დეპუტატების აზრით, ევროკომისიამ და ევროკავშირის ქვეყნებმა უნდა დაიწყონ საგზაო რუკაზე მუშაობა, რათა სომხეთთან ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ დონეზე აიყვანონ. ევროპარლამენტში აღნიშნავენ, რომ უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვას გამოცდილება კარგი საფუძველი უნდა იყოს სომხეთის ეტაპობრივი ინტეგრაციისთვის ევროკავშირის ერთიან ბაზარზე, რამაც ხელშესახები სარგებელი უნდა მოუტანოს ერევანს.
„რუსეთის ფედერაცია ცდილობს შეარყიოს სომხეთის დემოკრატიული საფუძვლები, თესავს ქაოსს და დესტაბილიზაციას ჩარევის მუდმივი მცდელობით, მათ შორის დეზინფორმაციული კამპანიებით“, - ნათქვამია ევროპარლამენტის რეზოლუციაში. ამასთან, სომხეთის ეკონომიკა კვლავ დიდად არის დამოკიდებული რუსეთზე, რომელიც სომხეთის საგარეო ვაჭრობის დაახლოებით 35 პროცენტს შეადგენს, განსაკუთრებით ენერგეტიკის სექტორში.
ამასთან, ევროპარლამენტარები ვარაუდობენ, რო მოსკოვმა, შესაძლოა სცადოს გამოიყენოს სხვადასხვა მუქარა ერევნის წინააღმდეგ, რათა დაისაჯოს იგი დამოუკიდებელი პოლიტიკური და სტრატეგიული არჩევანის გამო, ამ შემთხვევაში კი, ევროკავშირი მზად უნდა იყოს, გაუწიოს „სწრაფი დახმარება სომხეთს ნეგატიური შედეგების შესამსუბუქებლად“.