თავდაცვის სამინისტროს სერჟანტის, როინ შავაძის მკვლელობაში ორ ბრალდებულს 12-12-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. გამამტყუნებელი ვერდიქტი თბილისის საქალაქო სასამართლოში ნაფიცმა მსაჯულებმა მიიღეს.
პატიმრობა მიუსაჯეს აჭარის კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის უფროსის ყოფილი მოადგილეს - ალი ბალაძეს შავაძის უკანონო დაკავებისა და მკვლელობის ორგანიზებისთვის;
ყოფილი სპეცრაზმელ მამუკა ბერიძე კი მსჯავრდებულია შავაძის უკანონო დაკავებისა და ჯგუფურად განზრახ მკვლელობისთვის.
მათი პატიმრობის ვადის ათვლა დაკავების მომენტიდან, 2023 წლის 27 ივლისიდან დაიწყო, რადგან განაჩენის გამოტანამდე მათ აღქვეთის ღონისძიებად პატიმრობა ჰქონდათ შეფარდებული.
როინ შავაძე საქართველოს თავდაცვის სამინისტროში ბრიგადის სერჟანტის წოდებით მსახურობდა. 2005-2006 წლებში იგი მონაწილეობდა ერაყის სამშვიდობო მისიაში, კოალიციური ჯარების შემადგენლობაში, რა დროსაც სამაგალითო სამსახურისათვის მედლით დაჯილდოვდა.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ბრძანებით, 2007 წელს როინ შავაძეს სამსახურებრივი მოვალეობის პირნათლად შესრულებისთვის მადლობა გამოეცხადა. იგი ასევე მონაწილეობდა 2008 წლის აგვისტოში მიმდინარე საომარ მოქმედებებში.
აგვისტოს ომიდან დაბრუნებული როინ შავაძე 2008 წლის 16 აგვისტოს ქობულეთის გზაზე მოკლეს. მაშინდელი ხელისუფლება აცხადებდა, რომ დაკავებული შავაძე გაქცევას ცდილობდა და სპეცრაზმელებს ცეცხლი გაუხსნა, მკვლელობა კი საპასუხო სროლებმა გამოიწვია. თუმცა 2020 წლის ნოემბერში სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ ძალის გამოყენება არამართლზომიერად მოხდა და შავაძის სიცოცხლის უფლება დაირღვა.