21 წლის გოგოს მკვლელობაში ბრალდებულ ოთარ ცინდელიანს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეეფარდა - გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო.
შემდეგი სასამართლო პროცესი 22 აპრილს, 12:00 საათზე გაიმართება.
ბრალდების მხარე მას ბრალი დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ცინდელიანს 16-დან 20 წლამდე, ან უვადო პატიმრობა ემუქრება.
სამართალდამცველებმა 2003 წელს დაბადებული ოთარ ცინდელიანი განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს. გამოძიების მტკიცებით, მან თბილისში, ლილოს დასახლებაში 21 წლის ქალი "ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღის გამოყენებით" მოკლა.
განსაკუთრებული სისასტიკით ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის “მ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.