ათასობით ჩვენი თანამოქალაქე დგას რიგში, რომ ხელი მოაწეროს მიხეილ სააკაშვილის თავისუფლებას - განაცხადა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლების მოთხოვნით ხელმოწერების შეგროვება სამტრედიაში გრძელდება.
ხაბეიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, 2024 წლის არჩევნებზე მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი, რათა არჩევნები ჩატარდეს სამართლიან გარემოში.
“ათასობით ჩვენი თანამოქალაქე რიგში დგას, რათა ხელი მოაწეროს პრეზიდენტ სააკაშვილის თავისუფლებას და ყველას კარგად უნდა ესმოდეს, რომ მინიმალურად სამართლიანი რომ იყოს არჩევნები და შეჯიბრებითობის პრინციპი იყოს დაცული, მნიშვნელოვანია მთავარი ოპოზიციონერი ლიდერი, მიხეილ სააკაშვილი იყოს თავისუფალი და მას ითხოვს საზოგადოება, ყველა ხედავთ ამ ადამიანების აქტივობას. ჩვენ ვაპირებთ ასი ათას ხელმოწერაზე მეტი ხელმოწერის შეგროვებას და მიმართვას პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილისთვის, რომ მან უზრუნველყოს მინიმალურად სამართლიანი გარემო არჩევნებისთვის და ივანიშვილის მთავარი ოპონენტი, მოწინააღმდეგე პრეზიდენტ სააკაშვილი იყოს თავისუფალი. წარმოუდგენელია რაიმე შეჯიბრი, სადაც ორი ან უფრო მეტი კონკურენტი იღებს მონაწილეობას და ერთი უბრალოდ არის მოპარული პირდაპირი მნიშვნელობით და უსამართლოდ პატიმრობაში ამყოფებს ივანიშვილი. მნიშვნელოვანია მიხეილ სააკაშვილის თავისუფლება,“- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.