თბილისის საქალაქო სასამართლომ მამის მკვლელობაში ბრალდებულ რეზი გამხიტაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ადვოკატი მის 5 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდა.
საქმის პროკურორის თქმით, გარდაცვლილი საცხოვრებელ სახლში თავის ორ შვილთან ერთად იმყოფებოდა. ბრალდებულმა მწოლიარე მდგომარეობაში მყოფი მამა ცივი იარაღით დაჭრა, დანა გატყდა, ბრალდებული კი სამზარეულოში გავიდა მეორე დანის ასაღებად, რა დროსაც მას ხელი შეუშალა არასრულწლოვანმა დამ.
დანაშაული 23 თებერვალს, გლდანში მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების თანახმად, 25 წლის კაცმა მამას დანით მიაყენა ჭრილობა. მიღებული დაზიანების შედეგად, დაზარალებული საავადმყოფოში გარდაიცვალა. მკვლელობას ერთადერთი მოწმე გამხიტაშვილის არასრულწლოვანი დაა, რომელმაც აღნიშნული ფაქტის შესახებ პოლიციას შეატყობინა.
სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა 109-ე მუხლის "კ" ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის მიმართ) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.