ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ შეგიძლიათ, ეს აიღოთ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა დღევანდელ სასამართლო პროცესზე დისტანციურად ჩართვისას განაცხადა.
სააკაშვილის თქმით, საქართველო გაბრწყინდება და სამართლიანობა აუცილებლად აღდგება.
„სპეციალურად მომწამლეს მაშინ, რომ მსოფლიოს ვერც შეემჩნია, ისე გავმქრალიყავი. ღმერთმა გადამარჩინა სიკვდილს. ღმერთის იმედზე ვარ ისევ და თქვენს იმედზე – ქართველი ხალხისა და საერთაშორისო თანამეგობრობის. ნავალნიზე როცა საუბრობდა პუტინი, ამბობდა, ეს არის რუსული სააკაშვილიო. ნავალნის გვარს არ ახსენებდა. პუტინმა ნომერ პირველი მტერი მოიშორა, მეორე მის ხელშია, რადგან ყველაფერი, რაც ექნება საქართველოს პენიტენციურ სისტემას, თავიდან ბოლომდე კონტროლდება, მათ შორის რუსული სპეცსამსახურების მიერ და ეს ჩვენ ძალიან კარგად ვიცით.
ვაპირებ, მტრის ჯინაზე ვიბრძოლო სიცოცხლისთვის, აუცილებლად ვიბრძოლებ თქვენთვის. ჩემთვის სიცოცხლე არაფერს წარმოადგენს. ჩემი თავისუფლება, სიცოცხლე დავაგდე ქართველი ერის ფეხებთან და ვუთხარი, რომ ახლა შეგიძლიათ, ეს აიღოთ, შეგიძლიათ, ხელში აიტაცოთ და გამოიყენოთ, როგორც ინსტრუმენტი, თქვენი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ჩვენს ამოსასუნთქად, სიამაყის, იმედის დასაბრუნებლად. აუცილებლად ასეც განხორციელდება. ყველაფერი გამოგვივა, მაგრად იდექით.
ყველამ იცით, საქართველოს არავინ იცნობდა ჩემამდე, დღესაც ძალიან ბევრი საქართველოს იცნობს, როგორც სააკაშვილის ქვეყანას. ჩემი შვილი იაპონიაში სწავლობდა და ყოველმა მესამე იაპონელმა საქართველოსთან ერთად იცის სააკაშვილი. არ ეწყონოთ დღევანდელ მოღვაწეებს, მაგრამ არცერთის გვარი და სახელი არავინ იცის, ივანიშვილის ჩათვლით. ივანიშვილს მარტო ახსენებენ სააკაშვილთან მიმართებით, როგორც სააკაშვილის მეციხოვნეს. ჩვენ ყველაფერი გამოგვივა, საქართველო გაბრწყინდება, სამართლიანობა აუცილებლად აღდგება. დარწმუნებული ვარ, წინ არის საუკეთესო დღეები“, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.