თბილისში, 24 წლის ახალგაზრდის მკვლელობაში ბრალდებული ბაჩო სირაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ პატიმრობაში დატოვა. ბრალდების მხარე სირაძისთვის აღკვეთის სახით, ორთვიან წინასწარ პატიმრობას ითხოვდა. ადვოკატი კი მისი 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლების შუამდგომლობას აყენებდა. დაკავებული ბრალს არ აღიარებს.
პროკურატურამ მას ბრალი სსკ-ის 109-ე მუხლის „ი“ ქვეპუნქტით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ჯგუფურად) და 236-ე მუხლის მეექვსე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენა და შენახვა, ტარება ჩადენილი ჯგუფურად) წარუდგინა , რაც სასჯელის სახედ და ზომად 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
დაკავებულია კიდევ ერთი პირი გრიგოლ ზარნაძე, რომელსაც ბრალად ედება გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემა. მოსამართლემ დღეს მასაც ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. ახალგაზრდა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით მოკლეს. დანაშაულს კი წინ ერთ-ერთ კლუბში დაწყებული ჩხუბი უძღოდა.
მკვლელობა თბილისში 18 თებერვალს, ალექსანდრე ჭავჭავაძის ქუჩაზე მოხდა.