საქართველოს პროკურატურის ინფორმაციით, ,,ქურდული სამყაროს“ წევრობისთვის და ,,ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვის ფაქტზე, 6 პირს ბრალდება წარედგინა.
"შინაგან საქმეთა სამინისტროში ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ „ქურდული სამყაროს“ ოთხმა წევრმა, 2023 წლის ნოემბერში, ორი მოდავე მხარის მიმართვის საფუძველზე, ქალაქ გორში „ქურდული გარჩევა“ მოაწყო. ბრალდებულებმა მხარეებს შორის არსებული კონფლიქტი განიხილეს და გადაწყვეტილება ,,ქურდული სამყაროს“ წესების შესაბამისად მიიღეს.
აღნიშნული ქმედებისთვის 4 პირს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223¹-ე მუხლის პირველი ნაწილით (,,ქურდული სამყაროს“ წევრობა) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ 7-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 2 პირს ბრალდება სსკ-ის 223⁴-ე მუხლის პირველი ნაწილით („ქურდული სამყაროს“ წევრისთვის მიმართვა) წარედგინა, რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.
პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
სისხლის სამართლის საქმეებზე გამოძიება გრძელდება", - ნათქვამია ინფორმაციაში.