თბილისში, მეტეხის ხიდთან სამძებრო-სამაშველო სამუშაოები დასრულდა. პირველი არხის ცნობით, მაშველებმა ავტომობილი მტკვრიდან ამოიყვანეს.
როგორც ჟურნალისტებს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენელმა, თბილისის სახანძრო ძალების სამმართველოს უფროსმა, ლევან მუსელიანმა განუცხადა, ავტომობილში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს.
„რამდენიმესაათიანი უწყვეტი ძებნის შემდეგ, მყვინთავთა მიერ ნაპოვნი იქნა ავტომანქანა, რომელიც ამოყვანილია მძიმე ტექნიკის საშუალებით. ავტომანქანაში ნანახი იქნა ერთი გარდაცვლილი ახალგაზრდა მამაკაცის ცხედარი. რაც შეეხება ვინაობას, ამ ეტაპზე უცნობია და დაადგენს შესაბამისი სამსახური“, – განაცხადა ლევან მუსელიანმა.
როგორც ცნობილია, მეტეხის ხიდიდან მტკვარში ავტომობილი გვიან საღამოს გადავარდა.
მტკვრის პერიმეტრზე სამძებრო-სამაშველო სამუშაოები, მყვინთავების ჩართულობით, რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.