ბათუმის საქალაქო სასამართლომ 19 წლის გიორგი ალხანიშვილის მკვლელობის საქმეზე კიდევ სამი პირი დამნაშავედ ცნო.
ალექსანდრე ახვლედიანს, რომელიც განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვისთვისაა დაკავებული, 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიესაჯა, დავით მენაბდესა და ლუკა ჯიბლაძეს კი 5 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა. მათ გამოძიება დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავება.
როგორც მოსამართლე ნინო სახელაშვილმა განმარტა, ახვლედიანის შემთხვევაში გაითვალისწინა შემამსუბუქებელი გარემოება, ის რომ მან გამოძიებასთან ითანამშრომლა.
მკვლელობა ქობულეთში, სოფელ ლეღვაში ბაჟუნაიშვილების სახლში გასულ წელს მოხდა. 19 წლის გიორგი ალხანიშვილის ცხედარი ერთი კვირის შემდეგ ტყეში დამარხული იპოვეს. ოჯახის ახლობლების თქმით, მოკლული ახალგაზრდის ცხედარს მძიმე დაზიანებები ჰქონდა მიღებული. მისი ამოცნობა დედამ პირადი ნივთების საფუძველზე შეძლო.
მკვლელობაში ბრალდებული ალექსანდრე ბაჟუნაიშვილი ლონდონში საექსტრადაციო პატიმრობაში იმყოფება.
საქმეზე ასევე დაკავებულია მკვლელობაში ბრალდებულის მამა და ბიძაც. მათ ბათუმის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე დღის წინ 5 და 3 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.